ელისო ვირსალაძე: ინტერვიუ ოლეგ კაგანის 70 წლისთავთან დაკავშირებით ოლგა იუსოვა

სვიატოსლავ რიხტერი მას „უმაღლესი სინჯის მევიოლინეს“ უწოდებდა, სერჯიუ ჩელიბიდაკე – „თავად ჰარმონიის განსახიერებას“, იური ბაშმეტი – „ზეადამიანს“. გენადი როჟდესტვენსკი მისი სულიდან განსაკუთრებულ „გამოსხივებაზე“ საუბრობდა, მსტისლავ როსტროპოვიჩი – მის ალერსიანობაზე, როგორც ხასიათის მთავარ თვისებაზე. ოლეგ კაგანი 1990 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა. მან 44 წელს ვერ მიაღწია, მაგრამ ეს დიდი მუსიკოსისა და ადამიანის ნათელი, სავსე ცხოვრება იყო. მან ღრმა კვალი დატოვა მათ სულშიც, ვისაც მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, და ვისაც ის მხოლოდ სცენაზე უნახავს. მომხიბვლელობა, გულითადობა, სიყვარული, სითბო, ინტელიგენტურობა – ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები ახლდა მის კოლოსალურ ნიჭს და ხელს უწყობდა უნიკალური პიროვნების დაბადებას, რომელშიც ჰარმონიულად იყო შერწყმული ყველაფერი, რაც აუცილებელია ცხოვრებისა და სცენისათვის.

წელს ოლეგ კაგანი 70 წლის გახდებოდა. მან ბევრი რამ მოასწრო – იყო დავიდ ოისტრახის საუკეთესო მოსწავლე, იმარჯვებდა უდიდეს კონკურსებზე, შეასრულა სავიოლინო და კამერული რეპერტუარის ყველა შედევრი, თანამედროვე ნაწარმოებების ათობით პრემიერა. მაგრამ მისი შემოქმედებითი ცხოვრება არ იყო მარტივი – იმ დროის თავისებურებები, როდესაც მას მოუწია ცხოვრება, სრულად აისახა მის ბიოგრაფიაზე.

რეჟისორმა ანდრეი ხრჟანოვსკიმ გადაიღო ფილმი „ოლეგ კაგანი. სიცოცხლე ცხოვრების შემდეგ“, სვიატოსლავ რიხტერმა თავის დღიურებში მის შესახებ მრავალი ჩანაწერი დატოვა. დღეს კი ჩვენს პორტალზე ოლეგ კაგანის შესახებ საუბრობს ელისო ვირსალაძე, მისი პარტნიორი სცენაზე, მეგობარი და მისი ოჯახის ახლობელი ადამიანი. მისი მოგონებები ჩვენთვის, დღევანდელებისთვის, მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი მოწმობა ამ შესანიშნავი ადამიანისა და გამორჩეული მუსიკოსის შესახებ, აგრეთვე იმ ეპოქის შესახებ, რომელსაც უკვე დიდი მანძილით დავშორდით, რაც საშუალებას გვაძლევს, მიუკერძოებლად შევხედოთ მის პლიუსებსა და მინუსებს.

ქალბატონო ელისო, ოლეგ კაგანის შესახებ თქვენი მონაყოლი რიხტერის შესახებ მონათხრობის გაგრძელება გახდება, რადგან ეს ორი მუსიკოსი განუყოფლად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან როგორც ადამიანური, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით. გარდა ამისა, რიხტერის დღიურები ოლეგ კაგანის შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება. აი, მაგალითად, რიხტერის ბინაში ოლეგ კაგანის მიერ „შინაურ“ კონცერტზე ბახის სავიოლინო სოლო ნაწარმოებების შესრულების შემდეგ რიხტერმა დღიურში ჩაწერა: „ვუსმენთ მე და ნატაშა და ვცდილობთ, გავაკრიტიკოთ. შუშაბანდიდან მოსკოვის ხედი იშლება და კრემლის მოოქროვილი გუმბათები. გაზაფხული ნელ-ნელა იკრეფს ძალას…“ ეს სურათი თვალწინ გიდგება: ოლეგ კაგანი უკრავს ბახს, ჩაფიქრებული რიხტერი კი ფანჯარაში იყურება, შორს, მოსკოვის უძველესი კრემლისკენ, მარადიულისკენ… თქვენც ხომ იყავით ხოლმე რიხტერის სახლში ასეთ შინაურ „ასამბლეებზე“. დღეს ისინი აღიქმება ფენომენად, არა საოჯახო-კამერულ შეკრებებად, არამედ მოვლენად იმდროინდელ ხელოვნებაში. ეს რაღაც კულტურული „სექტანტობის“ მსგავსი რამ იყო, იქ ხომ ძირითადად ადამიანთა საკმაოდ ვიწრო წრე იკრიბებოდა. ხომ არ ჰქონდა ამ მოვლენას რაიმე სპეციფიკური, სწორედ იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მიზეზები და თავისებურებები? იქნებ ეს შინაური კონცერტები და შეხვედრები ოფიციალური ხელოვნების მონუმენტალურობის, გრანდიოზულობის, იმ ეპოქალური მსოფლმხედველობის და სამყაროს აღქმის გარკვეული წყნარი ალტერნატივა იყო, დიდ სცენებზე თავს რომ იმკვიდრებდა?

– მე თვითონ საკმაოდ იშვიათად ვუკრავდი რიხტერთან ასეთ შინაურ კონცერტებზე. როდესაც ის მიწვევდა, რა თქმა უნდა, უარს არ ვამბობდი, მაგრამ ეს ხშირად არ ხდებოდა. აი ნატაშა გუტმანი და ოლეგი – პირიქით. ისინი დიდ დროს ატარებდნენ რიხტერთან, მათი ურთიერთობა ბევრად უფრო ინტენსიური იყო. რიხტერი მოქმედების ადამიანი იყო, მის გარშემო მუდამ რაღაც დუღდა, რაღაც საინტერესო ხდებოდა, ახალი, მისი მოფიქრებული, რაშიც ის სხვა ადამიანების ჩართვას ცდილობდა. რამდენად გამოსდიოდა, არ ვიცი. მას მუდამ ცოტათი ჰქონდა ილუზია, რომ ვიღაცას ვიღაცასთან აერთიანებდა, მის სახლსა და წრეში შემავალ ადამიანებს უქმნიდა საერთო გატაცებას. თუმცა ეს წრე არც ისეთი ვიწრო იყო, ზოგჯერ იქ საკმაოდ ჭრელი საზოგადოება იკრიბებოდა.

იმ დროის ოფიციალური ხელოვნების ნამდვილ ალტერნატივად „დეკემბრის საღამოები“ შეიძლება დავასახელოთ. ეს ნამდვილად უნიკალური მოვლენა იყო, იმდენად გაჯერებული რიხტერის ინდივიდუალობით, რომ უმისოდაც განაგრძობს არსებობას პრაქტიკულად იმავე სახით, როგორიც მან შექმნა.
სხვათა შორის, დაახლოებით ასე ვფიქრობ ბარშაის ორკესტრის შესახებაც, რომელიც მისი გარდაც ვალებიდან მრავალი წელი ისეთივე იყო, როგორიც მის დროს. ორივე ამ შემთხვევაში არის ჩემთვის რაღაც გაუგებარი, თითქმის მისტიკური – თითქოს შემქმნელთა სული დღემდე თავს დასტრიალებს მათ და კვლავაც ყველაფერს ხელმძღვანელობს.

ხელოვნებათმცოდნე პაოლა ვოლკოვა მოსკოვის ამ არაოფიციალური, კერძო შეკრებებსა და სამზარეულოებში მიმდინარე კულტურული ცხოვრების გახსენებისას წერდა: „ეს იყო გარემო. ეს იყვნენ დროის, თაობის კერპები, ლიდერები… და იქ არასდროს საუბრობდნენ ფულზე და ქონებაზე, საუბრები მთავარს შეეხებოდა…“ გახსოვთ, რაზე საუბრობდით რიხტერის ბინაში ნატალია გუტმანსა და ოლეგ კაგანთან, რა გაღელვებდათ, ხელოვნების რომელ ფაქტებს განიხილავდით?

– ჩვენ ყველაფერი გვაღელვებდა და განვიხილავდით იმავეს, რასაც სხვა ჩვენი თანამედროვეები. ახლა, რა თქმა უნდა, ძნელია რაღაც კონკრეტულზე შეჩერება, მაგრამ მახსოვს, რომ მთლიანობაში იმ დროის წიგნებზე ვსაუბრობდით, ფილმებზე. ხშირად ეს იყო ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც არ სარგებლობდნენ დიდი პოპულარობით. თუ ეს იმ წლების ევროპული კინო იყო, ჩვენ მას პატარა კინოთეატრებში ვნახულობდით და, რა თქმა უნდა, შემდეგ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. რა წიგნები შეიძლებოდა განგვეხილა? ხშირად ოფიციალურად აკრძალული – ისინი, რომლებსაც „სამიზდატი“ გამოსცემდა. ეს ყველას ახსოვს. მე ხომ ისეთს ვერაფერს გეტყვით, რაც არ იცით. ახლა მშვიდად მაინც შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი, შიშის გარეშე. მაგრამ საგანგებოდ უნდა ვთქვა, რომ მაშინ ყველაფერი, რასაც ვიგებდით, ჩვენთვის განსაკუთრებული იყო, ძლიერ ემოციებს იწვევდა. იმ დროის გახსენებისას ისე მწვავედ არ განვიცდი იმას, რაც მაშინ ჩემში ღრმა განცდებს აღძრავდა. დღეს ყველაფერი უკვე სხვანაირად აღიქმება. იმ წლებში კი ერთნაირი ინტერესების მქონე ადამიანები გარკვეულ ერთობას ქმნიდნენ, რომლისთვისაც მრავალი მოვლენისადმი ერთნაირი დამოკიდებულება იყო დამახასიათებელი. მახსოვს, რიხტერის თაყვანისმცემლები მისი კონცერტიდან გამოსვლისას რაღაცნაირ ეიფორიაში იყვნენ და ყველა თითქოს ერთმანეთს ემსგავსებოდა, თუმცა თითოეული მათგანი რაიმე თვალსაზრისით საინტერესო პიროვნება იყო. აი ასეთი ერთობა, გრძნობებისა და ინტერესების ერთიანობა წარმოიქმნებოდა ხოლმე რიხტერის სახლის სტუმრებს შორის.

კარგად უნდა გვესმოდეს იმ დროის თავისებურება. მაშინდელ ცხოვრებას ფონად გასდევდა ქვეყნიდან ხელოვნების ადამიანების ემიგრაციის თემა. ვიღაც მიდიოდა, ვიღაცა რჩებოდა. ისინიც და ესენიც საყოველთაო განხილვის საგანი ხდებოდნენ. რატომ წავიდა? რატომ დარჩა? აი ასეთი დრო იყო. მახსოვს, ლენინგრადის ფილარმონიის ორკესტრი ტემირკანოვთან ერთად ამერიკაში გასტროლებზე მიდიოდა, ფურცევა კი აცილებდა და თითოეულისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ ამბობდა: „გზა მშვიდობისა! და დაბრუნდით, დაბრუნდით, გთხოვთ!“ (იცინის). იმ წლებში რა არ ხდებოდა! ყველანირი ემოცია ტრიალებდა.

და იმავე დროს ეს იყო კულტურის, ხელოვნების, თეატრის არნახული აყვავების პერიოდი. რიხტერს ყოველივე ეს ძალიან აინტერესებდა, მან ყოველთვის ყველაფერი იცოდა, რაც მოსკოვის სცენებზე ხდებოდა. ისევე, როგორც ოლეგმა. მას და ოლეგს ყველაფერი ძალიან აინტერესებდათ. ოლეგი მუდამ აღფრთოვანებული იყო იმით, რომ რიხტერმა ყველაფერი იცოდა, ყველაფერი ახსოვდა. ხელოვნების სამყაროს ყველა ახალ ამბავს სულმოუთქმელად განიხილავდნენ. ღმერთო ჩემო, რა ფულზე ლაპარაკი! ამაზე საერთოდ არასდროს ყოფილა არავითარი საუბრები! მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი. თუმცა დარწმუნებული ვარ, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ახლაც ისეთები დარჩებოდნენ.

ყველაფერი იცვლება, ისინი კი არ შეიცვლებოდნენ. დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის. ხელოვნება აბსოლუტურად ხელმისაწვდომია და ამიტომ ახალ ნაწარმოებთან ზიარებისგან ადამიანები ეიფორიას აღარ განიცდიან. ყველა ყველაფრის მცოდნე გახდა, ყველაფერში ერკვევიან… ზოგჯერ რაღაცას ვკითხულობ ან ვისმენ და გაოცება მიპყრობს — როგორ ყველამ ყველაფერი იცის, ყველაფერზე ასე თავდაჯერებით მსჯელობენ… აი რიხტერს და ოლეგს ეს არასდროს ჰქონდათ. ისინი არასდროს არაფერს ამტკიცებდნენ, თავის მოსაზრებას არავის ახვევდნენ თავს. ამით ისინი ჰგავდნენ ერთმანეთს, შემთხვევით არ გამხდარან სულიერად ასეთი ახლობელი ადამიანები. და ეს შესრულების საკითხებსაც ეხებოდა. არცერთი მათგანი არასდროს გეტყოდა, რომ ასე და მხოლოდ ასეა საჭირო დაკვრა. ყოველთვის რჩებოდა ინტერპრეტირების სხვა შესაძლებლობები, არ იყო არაფერი ურყევი. მაგრამ ამასთან დასრულებული სახით ყოველი კონკრეტული შესრულება ისეთი იყო, რომ ნაწარმოების უკეთესად დაკვრა წარმოუდგენელი გეჩვენებოდა. შემდეგ ჯერზე უკვე რაღაც ახალი ვარიანტი გამოჩნდებოდა.

ხრჟანოვკის ფილმში როსტორპოვიჩი ამბობს, რომ ოლეგ კაგანი ძალიან იტანჯებოდა მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, იმის გამო, რომ მას არ უშვებდნენ საზღვარგარეთ, რომ არ ჰქონდა იმდენი კონცერტი, რამდენიც მას, შესაძლოა, უნდოდა. მაგრამ ის ხომ არ იყო დისიდენტი, ნონკომფორმისტი. მეგობრების თქმით, მას გულითადი, რბილი ხასიათი ჰქონდა. რატომ ხდებოდა ისე, როგორც მსტისლავ როსტროპოვიჩი ამბობს?

– საზღვარგარეთ ნატაშას არ უშვებდნენ – მაგალითად, ის რვა წლის განმავლობაში ვერ გადიოდა ქვეყნიდან. და როდესაც ის, როგორც იქნა, გასტროლებზე გაემგზავრა, ყველამ შვებით ამოისუნთქა. უბრალოდ, მაშინ „გოსკონცერტი“ სულ სხვა მუსიკოსების „გაქაჩვით“, რეკლამირებით და კონცერტების ორგანიზებით იყო დაკავებული. წარმოუდგენელი იყო, რომ „გოსკონცერტს“ ოლეგ კაგანის რეკლამირება დაეწყო. ჩვენ კი ამას ვერ გავაკეთებდით. თან ჩვენ ხომ არ ვიყავით კარიერისტები, ჩვენთვის სიტყვა „კარიერა“ სალანძღავი იყო. როდესაც ნატაშა აღშფოთდებოდა ხოლმე, რომ ოლეგს ისე ხშირად არ იწვევდნენ, როგორც ის ამას იმსახურებდა, ეს დასავლეთში ბევრი მენეჯერის ნეგატიურ რეაქციას იწვევდა. მას საყვედურობდნენ, რომ მეტისმეტად ზრუნავდა თავის ქმარზე. მაგრამ ნატაშა ხომ ღელავდა მასზე არა როგორც ქმარზე, არამედ როგორც არტისტზე, რადგან ესმოდა, თუ რამხელა ფიგურა იყო ისხელოვნებაში. კარგად უნდა იცოდე, რა დრო იყო და როგორ იყო ყველაფერი მოწყობილი ჩვენთან და დასავლეთში. განა დასავლელ მენეჯერებს შეეძლოთ გაეგოთ, რას წარმოადგენდა ოლეგი? ცხადია, არა. ცხოვრება ასეთია: ყოველთვის არიან მუსიკოსები, რომლებსაც დაუმსახურებლად ბევრი კონცერტი აქვთ, და ისინიც, ვისაც დაუმსახურებლად ცოტა.

თუმცა მაინც ვერ იტყვი, რომ ოლეგს საერთოდ არ უშვებდნენ საზღვარგარეთ. ის ხშირად უკრავდა რიხტერთან ერთად დუეტებს და ამიტომ დასავლეთში კონცერტები მაინც ჰქონდა. ზოგჯერ ეს საწყენი ჭორების მიზეზი ხდებოდა. შურის გამო ბოროტი ენები ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ოლეგის კარიერა მხოლოდ რიხტერის წყალობით შედგა. ზოგიერთ ადამიანს ვითომ არ ესმოდა, თუ რატომ აირჩია რიხტერმა ოლეგი ყველა მევიოლინეს შორის — მასზე აღიარებულებიც ხომ არსებობდნენ… ეს მეტისმეტი უსამართლობა იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორ აფასებდა სვიატოლავ რიხტერი ოლეგს მუსიკოსის გამორჩეული თვისებების გამო. მაგრამ პერიოდულად მსგავსი ნეგატიური ლაპარაკი მის შესახებ მაინც იწყებოდა. ოლეგი ცდილობდა, არ მიექცია ამისთვის ყურადღება, მაგრამ, ცხადია, ძალიან მტკივნეულად განიცდიდა.

ფილმი ოლეგ კაგანის შესახებ ისეთ კონტექსტს ქმნის, რომელშიც აუცილებლად ჩნდება აზრი, რომ მას გასაქანს არ აძლევდნენ, ჩაგრავდნენ. ფილმში მოტანილია კაგანის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გერმანულად მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ის ამბობს: „ამ დროს ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენი თავისუფლება ჩვენშია. შეიძლება წაგართვან მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობა, მაგრამ საკუთარ დოსტოევსკისთან ერთად შინ დარჩენილიც ათასჯერ უფრო თავისუფალი იქნები“. ანუ, ერთი მხრივ, ის ადასტურებს შეზღუდვის ფაქტს, მეორე მხრივ კი თითქოს ამბობს, რომ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

– შესაძლოა, ფილმის კონტექსტში ყველაფერი ცოტა სხვანაირად ჩანს. რეჟისორს ფილმისთვის გარკვეული მიმართულება ხომ უნდა მიეცა. ახლა ყოველივე ამის შესახებ უემოციოდ ლაპარაკი ჩემთვის რთულია, რადგან თითქოს ვბრუნდები წარსულში და ვიხსენებ იმ დროის ჩემთვის უსიამოვნო თავისებურებებს. რა თქმა უნდა, ოლეგს გული სწყდებოდა. იმის თქმა, რომ ოლეგს არ სწყდებოდა გული, ნიშნავს, არაფერი თქვა. მაშინ ის ძალ-ღონით, ენერგიით იყო სავსე, შეეძლო მთელ მსოფლიოში ემოგზაურა და დაეკრა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მაგრამ ოლეგი ბევრად უფრო მეტად იტანჯებოდა, როდესაც ხედავდა, თუ როგორ განიცდიდნენ მის გამო ნატაშა და მეგობრები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მას რაღაც აკლია. სინამდვილეში მას ბევრად მეტი ჰქონდა, ვიდრე ვინმე სხვას, რადგან მიეცა ის, რაც სხვებს არ მიეცათ. მას რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული ჰქონდა, რაც ავსებდა, ამდიდრებდა მის ცხოვრებას და სწორედ ამაზე ლაპარაკობს იგი სიკვდილის წინ ამ უკანასკნელ ინტერვიუში.

ფილმი ოლეგზე, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მე ის არ მიყვარს. და, სხვათა შორის, არც მონსენჟონის მიერ რიხტერზე გადაღებული ფილმი მიყვარს. ეს უბრალოდ ჩემი ასეთი თავისებურებაა. სწორია, რომ ის გაკეთდა, რომ ის არსებობს როგორც დოკუმენტი ოლეგის შესახებ და რომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის ისტორიაში შესული სახელგანთქმული პიროვნებები ასე ამაღლებულად ლაპარაკობენ მასზე.

ყველაფერი ეს კარგია. ხრჟანოვსკის დიდ პატივს ვცემ, მან დიდი ჯაფა გაწია ამ ფილმის შესაქმნელად, მესმის, თუ რა რთული იყო ამის გაკეთება ოლეგის გარდაცვალებისთანავე. მახსოვს, მისი სიკვდილის შემდეგ ნატაშას ძალიან უჭირდა და უნდოდა, ფილმში შემონახულიყო დეტალები მის შესახებ. მაგრამ არ მომწონს, რომ ოლეგს გვიჩვენებენ ისეთს, როგორიც ის სიკვდილის წინ იყო. ჩვენ, ჯანმრთელი ადამიანები, რატომღაც არ ვუფიქრდებით, მართებულია კი ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ჩვენება? ოლეგის ადგილას ვაყენებ თავს: მომინდებოდა კი კამერით გადავეღეთ მაშინ, როდესაც მთლიანად გამოცლილი მაქვს ძალა, ვერ ვფლობ საკუთარ თავს და ვამბობ იმას, რასაც არ ვიტყოდი, ჯანმრთელი რომ ვყოფილიყავი? და ჩემი პასუხი უარყოფითია.

ასე რომ, ეს გემოვნების საკითხია. ისევე, როგორც რიხტერის წრის სხვა მუსიკოსები, ოლეგ კაგანი ხშირად უკრავდა თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს. რიხტერის დღიურში ერთ ეპიზოდს მივაქციე ყურადღება. იგი წერს ფირფიტის შესახებ, რომელზეც ჩაწერილი იყო ბერგის კამერული კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სასულე საკრავებისთვის მისი და ოლეგ კაგანის შესრულებით, რომ ის ამოიღეს გაყიდვიდან, რადგან იგი, როგორც ჩანს, არ იყიდებოდა. ეს ეპიზოდი, უნდა აღინიშნოს, ეწინააღმდეგება დღიურების სხვა ადგილებს, სადაც ლაპარაკია მოსკოვში შონბერგის, ბერგის, ჰინდემიტის და, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპოზიტორების – შნიტკეს, გუბაიდულინას ნაწარმოებების მრავალი კონცერტის შესახებ. და, სხვათა შორის, ნატალია გუტმანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ წლებში მსმენელთა შორის აჟიოტაჟი სწორედ მაშინ ჩნდებოდა, როდესაც ХХ საუკუნის მუსიკა სრულდებოდა. დღეს განსაკუთრებით საინტერესოა, რით იყო გამოწვეული მსმენელთა და თავად მუსიკოსთა ეს ინტერესი. დაგვეთანხმებით, დღეს ის ნაწარმოებები, რომელთა მოსასმენად მაშინ უამრავი ხალხი დადიოდა, პრაქტიკულად არ სრულდება – თუნდაც ოლეგ კაგანის რეპერტუარი ავიღოთ: გუბაიდულინას „ოფერტორიუმი“ და სხვა ნაწარმოებები, შნიტკეს სონატები და „კონჩერტო გროსსო“, იმ დროის მრავალი სხვა ნაწარმოები. რა იყო ეს – სოციალური პროტესტის ფორმა? ცხოველი ინტერესი ყოველივე ახლისადმი? გარღვევა თვითგამოხატვის თავისუფალი ფორმებისკენ, ოფიციალურ წრეებთან ასოცირებული ტრადიციის ჩარჩოებს მიღმა? რით ახსნით ფაქტს, რომ დღეს ეს ცოტა ვინმეს თუ აინტერესებს? განა დღეს არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მუსიკოსების პროტესტი გამოიწვიოს? და პერიოდულად რატომ აწყდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგობას იმ დროის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება?

– ღმერთო ჩემო, თქვენი შეკითხვა თავადვე მოიცავს პასუხს! იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველთვის ყველაფერს კრძალავდნენ და ხელოვნებაში, ცხადია, ბევრი რამ აკრძალვის მიუხედავად კეთდებოდა. მაგალითად, მოსკოვის ინტელიგენცია ჭკუას კარგავდა ფილმ „მონანიებას“ გამო, რომელიც თავიდან აკრძალული იყო და „პერესტროიკამდე“ მას ყველა კასეტებზე უყურებდა. ის სწორედ ამიტომ იყო პოპულარული, თუმცა მე, მაგალითად, სულაც არ მიმაჩნია შედევრად. შნიტკეს ნაწარმოებების სცენაზე მოხვედრა კოლოსალურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა, ვიღაცამ მისი მუსიკა პროტესტად აღიქვა – დაარქვით რაც გენებოთ. უბრალოდ მაშინ ეს ინტერესს იწვევდა, ადამიანები კულტურის სფეროში მომხდარი მოვლენებით ცხოვრობდნენ, მათ სხვა ხომ არაფერი ჰქონდათ. ხელოვანთა შორის ინფორმაცია მაშინ სწრაფად ვრცელდებოდა, ყველამ ყველაფერი იცოდა და ესმოდა.

დიახ, არსებობს 1985 წელს გადაჭედილ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში შნიტკეს №2 „კონჩერტო-გროსსოს“ ოლეგ კაგანისა და ნატალია გუტმანის შესრულების ჩანაწერი.

– ეს ნაწარმოები დღესაც სრულდება. თუმცა, რა თქმა უნდა, აღარ არის ის აჟიოტაჟი, როგორიც მაშინ, როდესაც თქვენს მიერ ნახსენები ყველა ნაწარმოები პრემიერა იყო. პრინციპში, რთულია თანამედროვე მუსიკის ისე შესრულება, რომ ხალხს მისი მოსმენა მოუნდეს. იცით რამხელა შრომა ჩადეს რიხტერმა და კაგანმა, რომ შეესრულებინათ ბერგის კამერული კონცერტი ფორტეპიანოს, ვიოლინოსა და 13 სასულე საკრავისთვის? რამდენი რეპეტიცია იყო და რა ძალისხმევით მიიყვანეს ყველაფერი ასეთ სრულყოფილებამდე? დღეს ჩვენთან ბევრ მუსიკას წერენ, მაგრამ ცოტას ასრულებენ. მაგრამ ახალი მუსიკის შესახებ რაიმეს გაგება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს პროფესიული კრიტიკა. თუ ამ სფეროში ტრიალებ, კიდევ შეიძლება რაღაც გაიგო. მაგრამ როგორ გაიგოს მსმენელმა? როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, სიამოვნებით დაიწყეს დიდი მუსიკოსების შესახებ საზიზღრობების წერა, აი მუსიკის ანალიზი კი საერთოდ გაქრა. დასავლეთში, სხვათა შორის, თავიანთ კომპოზიტორებს პროპაგანდასაც უწევენ და ასრულებენ კიდეც. თუმცა ისეთ კომპოზიტორებს, როგორც ჰინდემიტი ან შიმანოვსკია, ჩვენთან რატომღაც უფრო ხშირად ასრულებენ, ვიდრე ევროპაში.

რაც შეეხება ოლეგს, ის ადვილად პოულობდა თანამედროვე მუსიკის შესრულების გასაღებს. ისევე კარგად გრძნობდა და ესმოდა ის, როგორც გრძნობდა და ესმოდა რომანტიული მუსიკა ან ვენის კლასიკოსები. მას ყველაფერი და ყოველთვის ადვილად და ბუნებრივად გამოსდიოდა. საერთოდ იყო გახსნილი, საოცრად მსუბუქი ადამიანი, შეეძლო გამოენახა საერთო ენა ნებისმიერ, თუნდაც საძაგელ ადამიანთან და ეს ადამიანი გარდაუვლად ხვდებოდა მისი მომხიბვლელობის გავლენის ქვეშ და დროებით კარგავდა თავის საძაგელ თვისებებს. ეს ოლეგს სრულიად ბუნებრივად გამოსდიოდა, რაც, რა თქმა უნდა, გასაოცარი იყო.

იური ნიკოლაევსკი ამბობდა ოლეგ კაგანის შესახებ: „მისთვის ყველაფერში მნიშვნელოვანი იყო ეთიკური მხარე, ყოველთვის ავლენდა მას და შესრულებისას ესთეტიკურის გარდა ზნეობრივ ამოცანებსაც აყენებდა. მისი ინტერპრეტაციები წესიერი, კარგი ადამიანის ინტერპრეტაციები იყო“. რამდენად გვაძლევს საშემსრულებლო ხელოვნება შესაძლებლობას, დავინახოთ მუსიკოსის ადამიანური თვისებები?

– ძალიან მიყვარდა ნიკოლაევსკი და კარგად მესმის, რასაც გულისხმობდა. ოლეგი თავის ბუნებით უდავოდ მაღალი ზნეობის ადამიანი იყო. მაგრამ სწორედ ამ თვალსაზრისით მისი საშემსრულებლო ხელოვნების ანალიზი განსაკუთრებით რთულია. მუსიკა სხვადასხვანაირი არსებობს და მის შესასრულებლად მუსიკოსს უნდა შეეძლოს იყოს სხვადასხვანაირი. და ოლეგი ამისთვის იყო სხვადასხვანაირი, მოქნილი, მსუბუქი. მაგრამ თუ ასე ვილაპარაკებთ, ნაწარმოებში მთავარი არა შემსრულებლის თვისებებია, არამედ კომპოზიტორის თვისებები. გენიოსები კი, როგორც ყველასათვის ცნობილია, ხშირად მისაღები ზნეობრივი ნორმებისგან საკმაოდ შორს იყვნენ.

სხვანაირად რომ ვთქვათ, გენიის და ავკაცობის ერთიანობის საკითხს თქვენ, როგორც ჩანს, დადებითად წყვეტთ, მიუხედავად იმისა, რომ თვალწინ რიხტერის და კაგანის მაგალითები გქონდათ?

– რა თქმა უნდა, დადებითად. ჩემთვის გენიალობა, უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი არტისტიზმია, გარდასახვის უნარი. ჩემს გზაზე ბევრ ძალიან ნიჭიერ ადამიანს შევხვედრივარ, რომელთა ქმედებები კარგისგან ძალიან შორს იყო.

თავყვანს სცემდით ასეთი ადამიანების ხელოვნებას?

– მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ მათ ადამიანურ თვისებებს შევეხებოდი. როდესაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები ითელება, ადამიანები, რომლებიც თელავენ ამ ღირებულებებს, აღარ აღმაფრთოვანებენ. ჩემთვის ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამ საკითხში თანმიმდევრული ვარ. თუ შემსრულებელში ადამიანი არ მიყვარს, მას როგორც მუსიკოსსაც არ შევიყვარებ.

რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ანსამბლის პარტნიორში? ოლეგ კაგანის გამორჩეულ პარტნიორულ
თვისებებს აღნიშნავს ყველა, ვისაც მასთან ერთად დაუკრავს. როგორ მჟღავნდება მუსიკოსების ინტუიციური ურთიერთქმედება დუეტში? კამერული მუსიკის შესრულებისას აუცილებელია ემოციური განცდების ერთნაირი ინტენსივობა – ერთნაირად ღრმა მწუხარება, ერთნაირად ნათელი სიხარული, გრძნობათა ერთნაირად სწრაფი აღმაფრენა? რაღაც ამის მსგავსი…

– ძალიან რთული დასადგენია, შესრულებისას რომელ მომენტში ჩნდება ურთიერთგაგება. ზოგჯერ წინასწარ მოლაპარაკებაა საჭირო. მაგრამ ეს არ არის მთავარი და საქმე, რა თქმა უნდა, ლაპარაკშიც არ არის. თავად შესრულება ჰგავს საუბარს. როდესაც ჩვეულებრივად ვსაუბრობთ, საუბრის ყოველ მონაწილესაც ხომ აქვს თავისი „პარტია“. ვუსმენთ ერთმანეთს და ხშირად უცებ გვესმის, რას გულისხმობს ადამიანი, თუ ის ჩვენთვის ახლობელია, ზოგჯერ ფრაზის დასრულებაც კი არ არის საჭირო – იმდენად კარგად ვიცნობთ თანამოსაუბრეს. ასეა ანსამბლშიც. ყოველ მუსიკოსს თავისი დამოკიდებულება აქვს იმისადმი, თუ რას „ამბობს“ ის თავისი მუსიკით. ჩემსა და ოლეგს შორის ურთიერთგაგებას არ სჭირდებოდა რაღაც ნათელ წერტილამდე, ზღვრამდე, ბოლომდე მიყვანა. ის ჩნდებოდა როგორც ორმხრივი პროცესი, გრძნობათა გაცვლა, ერთმანეთის თავიდანვე გამგები ორი ადამიანის გადაძახილი. მუსიკა მაინც განსაკუთრებული ხელოვნებაა, მასში არ უნდა იყოს მაქსიმალური, მთლიანობის გამანადგურებელი გარკვეულობა, ჩვენ არ შეგვიძლია ლაპარაკი – ჩვენ ვუკრავთ, და როდესაც ვუკრავთ, სხვა, მუსიკალური ურთიერთგაგება ჩნდება, არა ისეთი, როგორიც სიტყვების საშუალებით ურთიერთობისას არის.

აუცილებელია ემოციების ერთნაირობა. მაგრამ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უნდა იყოს მსგავსი გაგება და დამოკიდებულება მუსიკისადმი. თუ ბეთჰოვენის სონატას უკრავთ, თქვენი და თქვენი პარტნიორის ყური მას იდენტურად უნდა აღიქვამდეს. ამასთან, ხვალ იგივე ნაწარმოები შესაძლოა სრულიად სხვაგვარად აღიქვათ, მაგრამ მაინც ორივემ ერთნაირად. და, რა თქმა უნდა, პარტნიორისადმი სიმპათიით უნდა იყო განწყობილი, ვერ დაუკრავ შენთვის უსიამოვნო ადამიანთან ერთად. ის შენში მეგობრულ გრძნობებს უნდა იწვევდეს – ეს ამარტივებს ურთიერთგაგებას ანსამბლში. მახსოვს, როგორ მომისმინა ოლეგმა პირველად, მაშინ კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბეთჰოვენის მეოთხე კონცერტს ვუკრავდი.

და როდესაც ის კულისებში მოსალოცად მოვიდა, მესიამოვნა, რადგან აი ეს სიახლოვის და ურთიერთგაგების გრძნობა წარმოიშვა. ანუ მან მთელი თავისი დახვეწილობით გაიგო, თუ რას ვაკეთებდი. ოლეგზე იდეალური პარტნიორი არ შემხვედრია. ღმერთო ჩემო, მაინც რა საშინლად ცოტა დაგვიკრავს ერთად! ჩვენ ხომ მოცარტის არცერთი სონატა არ დაგვიკრავს, რა გულდასაწყვეტია! რამხელა სიამოვნებით დავუკრავდი მასთან ერთად მოცარტს! ვუკრავდით შუმანის, ბეთჰოვენის, ფრანკის სონატებს, შუბერტის „ფანტაზიას“ – მხოლოდ დუეტები ჩამოვთვალე. რა თქმა უნდა, უფრო დიდი შემადგენლობითაც დაგვიკრავს – მენდელსონის ტრიო, ბრამსის კვარტეტი და კვინტეტი, მოცარტის კვარტეტი… დუეტში კი ცოტა, თითქმის არაფერი. მეტსაც ვიტყვი: საერთოდ არცერთ მევიოლინესთან არ შემიძლია სერიოზულად, ნამდვილად დაკვრა… რა თქმა უნდა, მყავს პარტნიორები და ვუკრავ მათთან, მაგრამ იმის თქმა, რომ ვინმესთან ერთად დაკვრა მინდა ისე, როგორც ოლეგთან, არ შემიძლია. მით უმეტეს, რომ მყავს ერთადერთი სამარადისო პარტნიორი – ნატაშა გუტმანი. ოლეგი ისეთი გამორჩეული პარტნიორი იყო, რომ მხოლოდ მასთან ერთად დავუკარი ფრანკის სონატა. ეს ერთადერთხელ მოხდა საბერძნეთში პატარა კერძო კონცერტზე, ამის შემდეგ კი აღარავისთან შემეძლო ამ სონატის დაკვრა. ასევე შუბერტის „ფანტაზია“ – ერთადერთხელ დავუკარი ის ოლეგთან ერთად, არასდროს დამავიწყდება და მეტი არავისთან ერთად არ შემიძლია მისი დაკვრა. ჩანაწერი მაქვს თელავის ფესტივალიდან, რომელზეც მე და ოლეგმა შუბერტის „ფანტაზია“ დავუკარით, უხარისხოა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, რადგან, როდესაც მას ვუსმენ, ყოველივე ამას ვიხსენებ.

„დეკემბრის საღამოების“ კონცერტიდან ჩაიკოვსკის ლა მინორი ტრიოს ჩანაწერს რიხტერის, ნატაშას და ოლეგის შესრულებით კი საერთოდ სრულყოფილ შედევრად მივიჩნევ. არსებობს ნაწარმოებები, რომლებსაც ხშირად და კარგად უკრავენ, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო რომელიღაც განსაკუთრებული შესრულება ხდება, ახლო და ძვირფასი იმ მიზეზების გამო, რომელთა ახსნაც ძალიან რთულია. ტრიოს ეს შესრულება სწორედ ასეთია.

ოლეგ კაგანის შესახებ მრავალრიცხოვანი მოგონებებიდან, მაგალითად, შნიტკეს მოგონებებიდან, ჩანს, რომ ის ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, არასდროს ცდილობდა საკუთარი თავის წინ წამოწევას, გარკვეულად ჩრდილში დარჩენა ერჩივნა, არ უყვარდა ლიდერობა. როგორ უთავსდებოდა ეს ანსამბლებში პრიმარიუსის მოვალეობის შესრულების აუცილებლობას?

– ანსამბლში ის გარდაისახებოდა ხოლმე და ლიდერის როლს, თუ ის მისი პარტიიდან გამომდინარე წილად ხვდებოდა, ბოლომდე ასრულებდა. აბსოლუტურად ბუნებრივი ლიდერი ხდებოდა.

წარსულის რომელ ცნობილ მევიოლინესთან გიჩნდებათ პარალელები და ასოციაციები ოლეგ კაგანზე ფიქრისას? იქნებ, მენუხინთან?

– დიახ, ალბათ. გეთანხმებით. კიდევ კრეისლერთან, ოლეგს ხომ ისეთივე შარმი, ისეთივე სიმსუბუქე ჰქონდა. მასში ნათლად ვლინდებოდა მისი მასწავლებლის, ოისტრახის თვისებებიც. მე ვიტყოდი, რომ ის მრავალგვარი იყო. უფრო ზუსტად, ის სრულიად განსაკუთრებული იყო, არავის ჰგავდა. მასში მაოცებდა მუსიკალური გარემოსთვის ძალიან იშვიათი თვისება – მან იცოდა თავისი კოლეგებით აღფრთოვანება. საოცარია, მუსიკალურ სამყაროში როგორ არ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, რაღაც უაზრო მიზეზებს ეძებენ თავიანთი კოლეგების დასაკნინებლად. ოლეგი სულ სხვანაირი იყო – არასოდეს ყოფილა მდაბალი, მეწვრილმანე. არასოდეს! ეს მისი პიროვნების მასშტაბურობაზე მიუთითებს. ადამიანი თუ ამგვარი ნიჭით არის შემკული, მას წვრილმანებისთვის არ სცალია.

ერთხელ ოლეგ კაგანისა და დირიჟორის ამპლუაში დავიდ ოისტრახის შესრულებით მოცარტის მე-3 და მე-5 კონცერტების ფირფიტის მოსმენის შემდეგ რიხტერმა თქვა: „ვფიქრობ, ოლეგი ახლოს არის მოცარტის სწორ გაგებასთან“. შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერი ადასტურებს რუსული სავიოლინო სკოლის პრიორიტეტს. რას გულისხმობდა იგი ცნებაში „მოცარტის სწორი გაგება“? ეს მოცარტის ნაწარმოებების შესრულების სტილისტიკაზე მაშინდელ შეხედულებას ეხებოდა? რამდენად არის დღეს მოთხოვნა ოლეგ კაგანის ჩანაწერებზე? უწინდებურად აღიქმება ისინი მოცარტის გაგების ნიმუშად?

– რიხტერი ალბათ იმას გულისხმობდა, რომ ოლეგი თითქოს სპეციალურად იყო შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერი ნაწარმოები ბუნებრივად, მსუბუქად, ძალდაუტანებლად დაეკრა. სწორედ ეს აჩენდა მისი „მოცარტიანელობის“ ორგანულობის განცდას. ის არასდროს არაფერს იგონებდა, მას არასდროს ჰქონია მსმენელის მიზიდვასა თუ მოტყუებაზე სპეციალურად მიმართული ყალბი ჟესტი, ინტონაცია. იგი არაჩვეულებრივად გულწრფელი იყო, სწორედ ამიტომ აფასებდა მას რიხტერი. მოცარტი ხომ ლაკმუსის ფურცელს ჰგავს: მაშინვე ისმის შენი ადამიანური სიყალბე. ოლეგს დროის საოცარი შეგრძნება ჰქონდა, ყოველთვის აბსოლუტურად იდეალურად ჯდებოდა სტილში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ამა თუ იმ კომპოზიტორთან ინტენსიური შინაგანი თანაგანცდა იყო.

რიხტერისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო ოლეგის პატიოსნება და მისი ფენომენალური სავიოლინო თვისებები. ხომ არსებობენ მევიოლინეები, რომლებიც საათებს ატარებენ ინსტრუმენტთან ფორმის შესანარჩუნებლად. ოლეგს კი ყოველივე ეს არ სჭირდებოდა. ყოველთვის მაოცებდა მისი დაკვრის სიმუბუქე, ნაწარმოების შესწავლის სისწრაფე, მისი ვეებერთელა რეპერტუარი. რა თქმა უნდა, სიმსუბუქეს რომ ვახსენებ, ვგულისხმობ არა ზედაპირულობას, არამედ იმ მოცარტისეულ სიმსუბუქეს, რომელიც ბუნებიდან, პიროვნების გარკვეული თვისებებიდან მომდინარეობს. მაინც რა ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან! ისეთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო იმის შეძენა, რაც ადამიანს მხცოვან, წონიან ფიგურად აქცევს, ამიტომ მისი სიმსუბუქე ახალგაზრდა სულის ორგანული თვისებად აღიქმებოდა. ჩვენ უკვე ვეღარ გავიგებთ, სადამდე მივიდოდა ის მუსიკის შემდგომი წვდომის შედეგად. ისმენენ დღევანდელი ახალგაზრდა მუსიკოსები ოლეგ კაგანის ჩანაწერებს? არ ვიცი, ცხოვრება ისეთი გადარეულია – მისი პულსი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე მაშინ იყო. მოვლენათა ორომტრიალი აიძულებს ახალგაზრდებს, მიედ-მოედონ, რათა რაც შეიძლება მეტი მოსაწრონ. რა თქმა უნდა, უმრავლესობამ ყველაფერი იცის, ყველაფერს ისმენს. ვინც მოასწრო მოსმენა – აღფრთოვანებულია. მაგრამ დღეს ჩანაწერთა ბაზარი წალეკილია ყველაფრით, რაც კი არსებობს ბუნებაში, ინტერნეტში ყველაფრის პოვნა შეიძლება. ამიტომ თავად მოსმენა აღარ არის დიდი მოვლენა, დიდი შთაბეჭდილება. ახალგაზრდები მუსიკას გზაში ისმენენ – მეტროში, მატარებელში, თვითმფრინავში. არა იმდენად ტკბობისთვის, რამდენადაც იმისთვის, რომ საქმის კურსში იყვნენ.

რით დაგამახსოვრდათ თქვენი, არნოლდ კაცის, ნატალია გუტმანისა და ოლეგ კაგანის მიერ ბეთჰოვენის სამმაგი კონცერტის შესრულება, რომლის ჩანაწერი ქსელშიც არის?

– ისიც კი არ ვიცოდი, ეს ცოცხალი შესრულება არქივებში თუ იყო დარჩენილი. მახსოვს ჩემი მდგომარეობით, განცდილი გრძნობებით – ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებული გამოსვლა. ყველას ამაღლებული განწყობილება გვქონდა, კაცს ეს კონცერტი გენიალურად მიჰყავდა, ვერ იტყვი, რომ „აკომპანემენტს აკეთებდა“, სწორედ მიჰყავდა. კაცთან ყოველთვის ძალიან კარგი შემოქმედებითი ურთიერთობა მქონდა. ერთი სიტყით, ეს ჩემთვის იყო სამახსოვრო მოვლენა, მით უმეტეს, რომ მაშინ მგონი პირველად ვმონაწილეობდი სამმაგ კონცერტში.

გახსოვთ, მოგვიანებით, კროიტში ოლეგ კაგანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფესტივალზე როგორ შეასრულეთ ბეთჰოვენის ყველა კონცერტი ნიჟნი ნოვგოროდის ორკესტრთან ერთად?

– რა თქმა უნდა, მახსოვს. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ფესტივალი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც თავიდან იყო. მიუხედავად ამისა, ოლეგის ხსოვნას ეძღვნება მოსკოვის კამერული ფესტივალი, ოქტომბერში კი მის 70 წლისთავს მივუძღვნით ჩვენს ფესტივალს თელავში. ამჟამად საბოლოო მოლაპარაკება მიმდინარეობს მონაწილეთა და პროგრამის საკითხებზე.

რიგის სკოლის პედაგოგმა იოაჰიმ ბრაუნმა ოლეგ კაგანს „ნატიფი და ინტელიგენტი ბავშვი“ უწოდა. მას მიაჩნდა, რომ სწორედ ამან უზრუნველყო კაგანის წარმატება. ხედავთ, ოდესღაც მშვენიერი ეპოქა გვქონდა, როდესაც მუსიკოსის წარმატების უზრუნველყოფა მის ინტელიგენტურობას შეეძლო. თქვენი აზრით, ინტელიგენტურობა ადამიანს დაბადებიდან მოსდგამს თუ შესაძლებელია მისი განვითარება? დღეს ჩვენთან კაპიტალის დაგროვების პერიოდია, პარვენიუს ეპოქა, და საზოგადოებაში ინტელიგენტურობაზე საუბარი პრაქტიკულად ცუდ ტონად იქცა, ქედმაღლობად და ამპარტავნებად, თუმცა საბჭოთა პერიოდში ბევრისთვის ის საკუთარი თავის სრულყოფის მიზანი იყო. თქვენს ინტერვიუებში ხშირად ამბობთ, რომ დღეს ბევრია ტექნიკურად სრულყოფილი შემსრულებელი, მაგრამ ცოტაა პიროვნება და, ამასთან, წარსულზე აპელირებთ, როდესაც, თქვენი აზრით, ეს ასე არ იყო. როგორც ჩანს, ოლეგ კაგანი სწორედ ის ფიგურაა წარსულიდან, რომელსაც გულისხმობთ ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკისას. თქვენი აზრით, შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას ცნებებს „პიროვნება“ და „ინტელიგენტი“ შორის? სწორედ ამისკენ უნდა ისწრაფოდეს ადამიანი და მუსიკოსი?

– როდესაც იმის ქექვას ვიწყებ, რაც ახლა მკითხეთ, ხშირად იქ ვერ მივდივარ, სადაც საჭიროა. ვაღიარებ, თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ სიტყვებით რაიმეს გამოხატვა სულ უფრო მიჭირს. რა არის ჩვენს დროში „ინტელიგენტურობა“, ცუდად მესმის. რაც შეეხება ოლეგს, ჩემთვის ბევრად ადვილი იქნებოდა მასზე მსჯელობა, იმდენივე რომ ეცოცხლა, რამდენიც მე. მეტისმეტად რთულია, იმსჯელო ადამიანზე, რომელმაც საკუთარი თავი ბოლომდე ვერ გამოხატა.

როდესაც ოლეგის ცოცხალ კონცერტებს ვუსმენდი, მის ყოველ გამოსვლაში შეიძლებოდა. ამოგეცნო უდიდესი რეზერვი, იმავე ნაწარმოების განსხვავებული ინტერპრეტაციისთვის შესაძლებლობათა ვეება შრე. ჩემთვის ეს არა იმდენად მუსიკალური, რამდენადაც პიროვნული ნიჭის ნიშანია. მიმაჩნია, რომ მხოლოდ შინაგანად მდიდარ ადამიანს აქვს ეს რეზერვი, რომელსაც შემდეგ თავის საშემსრულებლო ხელოვნებაში ასხამს ხორცს. და ის, რომ ეს რეზერვი გამოუყენებელი დარჩა, მისი სიკვდილის გამო ინტერპრეტაციების კოლოსალური რაოდენობა არ შედგა, ჩემს დიდ მწუხარებას იწვევს. მის შესრულებაში იყო შესაძლებელი ქვეტექსტების, დეტალების, ნიუანსების აურაცხელი რაოდენობა და ეს შეიძლებოდა საყოველთაო ავლადიდება გამხდარიყო. სხვა შემსრულებლები კი ხანდახან მათ ვერ ხედავენ და არ ესმით. არსებობს თითქოს მარმარილოდან გამოკვეთილი შესრულებები და ისინი თავისებურად მშვენიერია, მაგრამ, ამასთან, ამ შემსრულებელს ნაწარმოებში აღარ შეუძლია რაიმე განსხვავებულის აღმოჩენა. იგივე მარმარილო ოლეგის შემთხვევაში ყოველ ჯერზე ახალი ფერებით ბრწყინავდა, იგი მასში რაღაც ახალ სახეებს პოულობდა და ყოველთვის არწმუნებდა მსმენელს მათ ძალასა და სილამაზეში. ახლა, ამაზე საუბრისას, გამახსენდა, როგორ ვუკრავდით ერთად ბეთჰოვენის მე-5 სონატას. რამდენს ხედავდა ოლეგი ამ მუსიკაში მაშინ და რამდენად მეტს აღმოაჩენდა ასაკთან ერთად. იგივე „რონდო-კაპრიჩიოზო“, გაცვეთილი სავიოლინო შლაგერი, მაგრამ როგორ ასრულებდა! ყოველ ჯერზე გიჩნდებოდა გრძნობა, რომ სრულიად ახალ, უცნობ ნაწარმოებს უსმენ. როდესაც დღევანდელ პიანისტებს ან მევიოლინოებს ვუსმენ, ნაწარმოების ინტერპრეტირებისთვის პიროვნების ამოუწურავი შესაძლებლობების განცდა აბსოლუტურად არ მაქვს, ბევრ მათგანს კი ხშირად „დიდს“, „გამორჩეულს“ უწოდებენ. ჩემი აზრით, კარგად ჩანს, რომ ისინი დღესაც, ხვალაც და ზეგაც გაცვეთილი ფირფიტასავით ან ერთსა და იმავე ფუნქციაზე დაპროგრამებული კომპიუტერივით სულ ერთსა და იმავეს დაუკრავენ. ეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვლინდება პიროვნება შემსრულებლობაში.

რაც შეეხება კონკრეტულად „ინტელიგენტურობას“, ის ალბათ საკუთრი თავის, აზრის და შეხედულებების თავზე მოხვევის სურვილის უქონლობაში მდგომარეობს. ინტელიგენტური ადამიანი ყოველთვის გაძლევს სუნთქვის საშუალებას, გაძლევს თავისუფლებას, არის შემწყნარებელი, არ აქვს მტრული დამოკიდებულება, არ განიკითხავს. ის არ მიგითითებს ნაკლოვანებებზე, ხაზს არ გაუსვამს იმას, რაც შენში არ მოსწონს. მუსიკაში კი ინტელიგენტურობა რთულად ამოსაცნობი ცნებაა, მაგრამ თუ ის არის, არავითარ შემთხვევაში არ არის მინუსი – მხოლოდ პლუსია. ჩემთვის ინტელიგენტურობა იმაშიც ვლინდება, თუ როგორ გამოდის ადამიანი სცენაზე, როგორ მიდის ინსტრუმენტთან, როგორ მიუჯდება მას, ან როგორ უჭირავს ვიოლინო, ან როგორ იქცევა დირიჟორი ორკესტრის მუსიკოსებთან. ეს მაინც ალბათ რაღაც სხვა არის, ემატება მუსიკალურ თვისებებს. ოჰ, არ ვარ ჩვეული სხვების ინტელიგენტურობაზე საუბარს. აი ვლაპარაკობ და ვფიქრობ: ეს მე ვარ თუ არა?

კარგი, თქვენი აზრით, რა უწყობს ხელს პიროვნების აღზრდას? წიგნები?

– არა.

მუსიკა? თითქოს ერთსა და იმავე ნაწარმოებებს უკრავს მრავალი შემსრულებელი, მაგრამ თავისი შეხედულებებით თუ ქცევით ყოველი მათგანი საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეგებ პიროვნება ხელოვნების წყალობით კი არა, როგორც რელიგიები გვასწავლის, ტანჯვისა და განსაცდელის შედეგად ყალიბდება? ან უბრალოდ გენების წყალობით?

– დიახ, გენები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ, გენების გარდა, მნიშვნელოვანია საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება: რას ელი შენი თავისგან? ვინ გინდა იყო? რა პრიორიტეტები გაქვს? რა ღირებულებები? აი, ნახეთ, „ობივატელის“ თვალსაზრისით, მოსკოვში ცუდ სახლში ვცხოვრობ და ბევრი მეუბნება, ბინის გამოსაცვლელად ესა და ეს უნდა გააკეთოო. მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ, თუ რისი გაკეთება მომიწევს მის გამოსაცვლელად, რამდენი დრო უნდა დავხარჯო, დრო, რომელიც ჩემი შინაგანი მიზნების მისაღწევად, ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გადაუდებელი საქმეების გასაკეთებლად მჭირდება, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. ნებისმიერ ადამიანს მუდამ აქვს ეს არჩევანი, მათ შორის მუსიკოსსაც. არ ვამბობ, რომ ცუდ სახლში უნდა ვიცხოვროთ, ან რომ ღარიბულად ცხოვრება კარგია. ამას არასდროს ვიტყვი. მაგრამ პასუხი შეკითხვაზე, თუ რას ანიჭებ უპირატესობას, პირველ რიგში რაზე აპირებ საკუთარი სიცოცხლის, საკუთარი დროის დახარჯვას, პიროვნებაზე ბევრს გვეუბნება. მე, მაგალითად, სწავლებით ვარ დაავადებული, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია – ახალგაზრდებს დავუთმო დრო, ვასწავლო მათ, აღმოვაჩენინო რაღაც. მე თვითონ მათთან ერთად დღემდე აღმოვაჩენ ხოლმე რაღაცას. ეს ოლეგსაც ყოველთვის ჰქონდა. ის საოცარი მასწავლებელი იყო! ცოცხალი რომ ყოფილიყო, ეყოლებოდა მოსწავლეები, რომლებიც აუცილებლად გახდებოდნენ ცნობილი მუსიკოსები, რადგან მას ეს ნიჭიც ჰქონდა და ამას სერიოზულ საქმედაც მიიჩნევდა. ასე რომ პიროვნება – ეს არის ადამიანი, რომელიც არჩევანს აკეთებს რაღაც მნიშვნელოვანის სასარგებლოდ; როდესაც არ შეგიძლია გადააბიჯო რაღაცას, რაც შენშია და ვერაფერი ვერასდროს გაიძულებს ამის გაკეთებას. თუმცა ბევრი ალბათ იტყვის, რომ ყოველივე ეს სისულელეა. მეც ხშირად მეუბნებიან ამას, მაგრამ ასეთი მოვკვდები. ამ მხრივ ნატაშაც, ოლეგიც, სვიატოსლავ რიხტერიც ერთნაირები იყვნენ – ისინი ამავე პრინციპებს მისდევდნენ, ეს იყო მათთვის ბუნებრივი და სხვანაირად ვერც იქნებოდა. და ამის სწავლება თუ შეიძლება – ეს არ ვიცი.

ქალბატონო ელისო, თავად რის თქმას ისურვებდით ოლეგ კაგანის შესახებ, ჩემი შეკითხვების გარეშე?

– იცით, ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა თქვენთვის ამ ინტერვიუში. მაგრამ ძალიან ძნელია ოლეგზე ლაპარაკი. სხვა ადამიანებზე ლაპარაკი უფრო გამიადვილდებოდა. მაგრამ ოლეგი იმდენად ცოტა ხანს იყო ჩვენთან და იმდენად ადრე წავიდა, რომ ჩემთვის ის თითქოს არ დასრულებულა. მასზე მხოლოდ ტკივილით შემიძლია ლაპარაკი. ერთი მხრივ, ის შედგა როგორც არტისტი და ოსტატი, მეორე მხრივ კი მისი გზა ისე უცებ შეწყდა, უფსკრულის წინ, და მე ახლა არ ვიცი, რა არის იქ, იმ ხაზს მიღმა, იმ უფსკრულის ფსკერზე, ამ გადასავარდნის იქით, ჩემთვის იქ სიბნელეა.

ჩვენს პროფესიაში წარმატების ატრიბუტიკაა მენეჯერების ყურადღება, კონცერტების აურაცხელი რაოდენობა, ხალხში სახელის გავარდნა… ოლეგს ეს ყველაფერი რომ ჰქონოდა, სამართლიანი იქნებოდა. ზოგიერთს ფართო აღიარების უქონლობა მოცელავს ხოლმე, მოტეხავს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. როდესაც გეუბნებიან, რომ ვიღაცამ მთელი მსოფლიო მოიარა, რომ ვიღაცამ ვენის, ბერლინის თუ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრა, შესაძლოა, ამის მოსმენა უსიამოვნო იყოს. მაგრამ ოლეგმა შესანიშნავად იცოდა საკუთარი თავის ფასი, ხვდებოდა, რას წარმოადგენდა. მან ეს, შესაძლოა, უკეთაც იცოდა, ვიდრე მისმა ახლობელმა ადამიანებმა.

ჩვენ ხომ ყველას გვიხაროდა ჩვენს ქვეყანაში დაკვრა. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის მიხედვით ვმსჯელობ, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი მსმენელი მყავს მოსკოვში, ლენინგრადში, სხვა ქალაქებში, სადაც ადამიანებს ვუყვარდი და მელოდნენ. ასევე ფიქრობდნენ ოლეგი და ნატაშაც. ჩვენ ეს ძალიან ბევრს გვაძლევდა და არ გვქონდა გრძნობა, რომ განსაკუთრებით დაჩაგრულები ვიყავით. საზღვარგარეთ ძირითადად სრულიად უცნობ ქალაქებში ვუკრავდი, სადღაც უნგრეთში, პოლონეთში, მაგრამ ამის გამო არასდროს განვიცდიდი. თუმცა უსიამოვნო იყო. ზოგჯერ ვიღაც მეტყოდა: აი, ის პარიზში ისევე ხშირად დადის, როგორც შენ ქუთაისში. ასე რომ ჩემთვის ყველაზე დასავლური ქალაქი რაღაც ხანი ქუთაისი იყო. ასეთი იყო იმ დროს მრავალი ხელოვანის ხვედრი. და კიდევ, იცით, იმ წლებში „გოსკონცერტის“ ყოველგვარი რეფერენტები, რომლებიც მაგიდიდან მაგიდაზე ქაღალდებს ალაგებდნენ და საერთოდ ვერ ერკვეოდნენ ვერც მუსიკასა და ვერც მუსიკოსებში, იმის მიხედვით „გვახარისხებდნენ“, თუ რომელ ქვეყანაში ვაპირებდით გამგზავრებას და შესაბამისადაც გვეპყრობოდნენ. თუ კაპიტალისტურში, მაშინ პირველი სორტის ადამიანი იყავი და თუ აღმოსავლეთ ევროპაში – მაშინ საერთოდ ადამიანიც კი არ იყავი (იცინის). მადლობა ღმერთს, უგოსკონცერტოდაც შეგვეძლო იმის მიხვედრა, ჩვენგან ვინ რად ღირდა: გვყავდა მეგობრები, გვყავდა მუსიკაში გარკვეული მსმენელი. პირველად დასავლეთში კონცერტი 1974 წელს მივიღე, როდესაც გეზა ანდა გახდა ავად და მისი შეცვლა მთხოვეს. ზოგჯერ ახლობლები უფრო განიცდიდნენ, ვიდრე თვითონ ჩვენ. ასევე იყო ოლეგიც. მისი მეგობრები გულდაწყვეტილნი იყვნენ მის გამო, თავად კი ხშირად მშვიდი იყო. მაშინ ბევრი მიდიოდა, რჩებოდა დასავლეთში. მაგრამ ოლეგს ეს აზრადაც არ გაუვლია. თუმცა რომ წასულიყო, ვფიქრობ, არაჩვეულებრივ კარიერას გაიკეთებდა. მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მას ეწერა.

დიახ, მისი ფეერიული ნიჭი ბოლომდე ყველას არ უღიარებია, ის ვერ გახდა ისეთი ცნობილი, როგორც იმსახურებდა. სამწუხაროა. მის ცხოვრებაში უკანასკნელი კონცერტის – სწორედ იმის, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაუკრა – უცრემლოდ მოსმენა დღესაც შეუძლებელია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ჩანაწერის ყურებისას იცი, რომ მალე ის აღარ იქნება. არამედ იმიტომაც, რომ ამ სიკვდილისწინა გამოსვლაშიც კი, მიუხედავად მისი ავადმყოფობის და უღონობისა, მაინც ჩანს მისი სხივიანობა, მისი სიღრმე, მისი გატაცება მასში არსებული რაღაც ძალიან მნიშვნელოვანით, ანუ მისი, როგორც მუსიკოსის და ადამიანის, მთავარი თვისებები.

იყო კი ის ბედნიერი ადამიანი?

– უთუოდ! მას უხაროდა თავად სიცოცხლე და ყველაფერი ის, რაც ჰქონდა. იგი არასდროს უღრმავდებოდა უსიამოვნებებს. მშვენიერი ოჯახი, საოცარი შვილები, შესანიშნავი მეგობრები ჰყავდა. სავსებით ბედნიერი იყო.

www.belcanto.ru

თარგმნა ა. გეგეჭკორმა