რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით
ოლგა იუსოვა www.belcanto .ru , 10.02.2015
ელისო ვირსალაძემ ნიჟნი ნოვგოროდის ფილარმონიაში რიხტერის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტების ციკლი გახსნა. ამ კონცერტებში მის გარდა მონაწილეობას მიიღებს ნატალია გუტმანი, რაც სავსებით კანონზომიერია, რადგან ორივე შემსრულებელი მიეკუთვნება იმ მუსიკოსებს, „რიხტერის წრეს“
რომ უწოდებენ. ორივეს რიხტერთან აკავშირებს მრავალი წლის მეგობრობა, ინტენსიური ინტელექტუალური ურთიერთობა, შემოქმედებითი თანამშრომლობა, ერთობლივი გამოსვლები, განცდები მხიარულ და მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ციკლის პირველ საღამოს შესრულდა სამი საფორტეპიანო კონცერტი – გრიგის, ლისტის პირველი და რაველის მეორე /მარცხენა ხელისათვის/ კონცერტები. პიანისტს თანხლებას უწევდა ნიჟნი ნოვგოროდის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი ალექსანდრ სკულსკის ხელმძღვანელობით. ნიჟნი ნოვგოროდის მსმენელები კამერულ პროგრამაში ასევე მოისმენენ ვიოლონჩელისტისა და პიანისტის ერთობლივ შესრულებას და ნატალია გუტმანის სოლო კონცერტს. კონცერტის წინადღით ელისო ვირსალაძემ Belcanto.ru-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა XX საუკუნის უდიდეს პიანისტთან თავისი ურთიერთობის შესახებ.
ქალბატონო ელისო, როდის გაიცანით სვიატოსლავ რიხტერი? შემოგრჩათ ამის შესახებ მოგონებები? თბილისში თუ ესწრებოდით მის კონცერტებს? მე წავიკითხე, რომ ნეიჰაუზი ხშირად ისვენებდა საქართველოში და რიხტერი ჩადიოდა ხოლმე მასთან. იცოდით ამის შესახებ?
– რიხტერი პირველად კისლოვოდსკში მოვისმინე, როდესაც ცხრა წლისა ვიყავი. ეს კონცერტი ბუნდოვნად, თუმცა უდავოდ მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი, რიხტერის სახელი ჩემთვისაც კი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თბილისში ის თავისი კარიერის დასაწყისიდანვე ჩამოდიოდა, დიდხანს ცხოვრობდა ხოლმე ნაცნობებთან და მეცადინეობდა, რეპერტუარს იფართოებდა. ომის დროსაც კი მართავდა კონცერტებს და, რა თქმა უნდა, ომის შემდეგაც. მე არ ვაწარმოებდი მისი ჩამოსვლის ქრონოლოგიურ ჩანაწერებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის საქართველოში ჩნდებოდა თითქმის ყოველ წელს. ნეიჰაუზი მართლაც ხშირად ისვენებდა საქართველოში, მთებში, და რიხტერი ჩამოდიოდა მასთან შესახვედრად.
მის ჩამოსვლას სევდიანი საბაბიც ჰქონია, როდესაც ძალიან ცნობილმა პიანისტმა, თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა ვალენტინა კუფტინამ თავი მოიკლა თავისი მეუღლის, მეცნიერ-არქეოლოგის ტრაგიკული დაღუპვის გამო. რიხტერმა თბილისში კუფტინას გარდაცვალების შემდეგ მალევე მიუძღვნა კონცერტი მის ხსოვნას. ისინი ძალიან მეგობრობდნენ, რიხტერი პატივს სცემდა მას როგორც მუსიკოსს და პედაგოგს. ამ კონცერტზე მეც ვიყავი.
ჩვენთან ოჯახში დიდედასთან შინაურულ საუბრებში ხშირად გაიგონებდით ჰენრიხ ნეიჰაუზის სახელს. ისინი ხომ ერთმანეთს იცნობდნენ და როგორც პედაგოგები მჭიდროდ ურთიერთობდნენ. მაგრამ რიხტერის გამოსვლებზე ის ჩემთან ვერ იმსჯელებდა, რადგან, როდესაც მე მათ ვესწრებოდი, სახლიდან უკვე აღარ გამოდიოდა და რიხტერის კონცერტებზე ვერ მოხვდებოდა.
1962 წელს მოსკოვში თქვენ ემზადებოდით ჩაიკოვსკის მეორე კონკურსისათვის და თქვენს მომზადებაში სწორედ ნეიჰაუზი მონაწილეობდა. იქნებ იმ დროს რიხტერსაც შეხვდით? მაშინ ხომ არ შეგნიშნათ?
– მე ვფიქრობ, რომ მაშინ არ შევუნიშნივარ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ის საერთოდ მოდიოდა, რადგან მოწამლული იყო პირველი კონკურსით, რომლის ჟიურიშიც იჯდა ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად. ამიტომ მეორე კონკურსი მისთვის უკვე მეტისმეტი იყო /იცინის/. რაც შეეხება მის მეუღლეს ნინა დორლიაკს, მან პირველ ტურზე მომისმინა, ეს კარგად დამამახსოვრდა. სამაგიეროდ, სწორედ ამ წელს მოვხვდი პირველად მასთან სახლში. ეს იმიტომ მოხდა, რომ ნეიჰაუზს მაშინ არ ჰქონდა ბინა და თავის მეუღლესთან ერთად რიხტერთან ცხოვრობდა. ასე რომ ირველად მაშინ ვიყავი ამ ბინაში და ამ ცნობილ ატმოსფეროში.
გამოდის, რომ ოდესღაც, ახალგაზრდობაში, რიხტერი ცხოვრობდა ნეიჰაუზთან, მერე კი პირიქით იყო.
– მართალს ბრძანებთ, რიხტერმა ბინა მისცა თავის პედაგოგს, მაგრამ ჩვენ მაშინ რიხტერს ვერ ვხვდებოდით. მე იქ ნეიჰაუზთან მხოლოდ სამეცადინოდ მივდიოდი. რიხტერი 1966 წელს გავიცანი. ეს ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გაკვეთილი თავის სახლში ჩამიტარა. მოცარტის სი ბემოლ მაჟორული სონატა K. 333 დავუკარი. და აი, ახლახან, „დეკემბრის საღამოებზე“, ჩემი გამოსვლა მის პატივსაცემად სწორედ ამ სონატით დავიწყე. მაშინ კი მეცადინეობისათვის სპეციალურად შევარჩიე მცირე ნაწარმოები. რიხტერი ისეთ რამეებს მეუბნებოდა, რაც, რა თქმა უნდა, მთელი სიცოცხლე დამამახსოვრდა. ის, როგორც ყოველთვის, მიზიარებდა თავის ასოციაციებს სონატის სხვადასხვა ადგილთან დაკავშირებით. მახსოვს, მეორე ნაწილში ჩემი ყურადღება მიაპყრო ერთ ჰარმონიულ მიმოქცევას, რომელიც, მისი აზრით, ვაგნერის წინამორბედი იყო.
რიხტერის შესახებ დაწერილ ერთ–ერთ წიგნში მოცემულია მისი სიტყვები მოცარტზე. ის ამბობს, რომ მოცარტში მას აკლია „სიახლე“. ამაში რიხტერი ადანაშაულებს მოცარტის მამას, რომელიც, მისი აზრით, ძალიან დიდ ექსპლუატაციას უწევდა თავისი ვუნდერკინდი ბავშვის ტალანტს.
– რიხტერზე დაწერილ ყველანაირ წიგნებს ბოლომდე არ ვენდობი. ეს მას შეიძლებოდა ეთქვა, როცა გარკვეულ გუნებაზე იყო. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხში მისი აზრი ურყევი იყო, მაგრამ ამას ცხოვრებისა და მუსიკის შესახებ მის ყველა გამონათქვამზე ვერ იტყვი. ზოგიერთი მისი შეხედულება სრულიადაც არ იყო ასპროცენტიანი. ეს მით უფრო ეხება მოცარტს. მე არაერთხელ მომისმენია მოცარტზე რიხტერის პირდაპირ საწინააღმდეგო სიტყვები, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ძალიან ხშირად უკრავდა მის ნაწარმოებებს და ის, თუ როგორ უკრავდა რიხტერი ამ ნაწარმოებებს, მთლიანად უარყოფს თქვენს მიერ მოტანილი ციტატის შინაარსს.
საერთოდ, რიხტერი განწყობის ადამიანი იყო და ამიტომ, როდესაც მეუბნებიან: აი, ის თქვენზე შესანიშნავად წერს – ამის გამო თავს ეიფორიაში ჩავარდნის უფლებას არ ვაძლევ. დიახ, მან თავის დღიურში ჩემს შესახებ კარგი სიტყვები დაწერა და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენზე თავად რიხტერმა ასე თქვა. მაგრამ არ ღირს ამ სიტყვებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, მათ თავდაჭერით უნდა მოვეკიდოთ.
მე ვფიქრობ, ამ სიტყვების გამო თქვენ ბევრი აღგიქვამთ, როგორც მისი წრის მუსიკოსს. საერთოდ არსებობდა ცნება „რიხტერის წრე“? და თუ არსებობდა, როგორ ფიქრობთ, ის ვიწრო იყო თუ საკმაოდ ფართო?
– არიან მუსიკოსები, რომლებიც რიხტერს ჩემთან შედარებით გაცილებით მეტხანს იცნობდნენ და უფრო მჭიდრო ურთიერთობაც ჰქონდათ – მაგალითად, ნატალია გუტმანი. ჩემს შესახებ კი შემიძლია ვთქვა, რომ მქონდა პატივი მასთან ნაცნობობისა ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდის მანძილზე.
ის მოგონებებიც კი, რომლებიც თქვენ უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ, დღეს ჩვენთვის ძალზე ფასეულია.
– მე ეს მესმის, რიხტერზე ხომ იმდენი მონაგონი დადის, სიმართლეს რომ არ შეეფერება. ამავე დროს, მოგონებები მასზე ძნელია, რადგან ის იმდენად მრავალმხრივი და მრავალსახოვანია, რომ არავითარი მოგონება მასზე არ იქნება აბსოლუტურად ზუსტი. ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ის ამბობდა, ყველა მისი სიტყვა, არ შეიძლება აღქმული იქნეს როგორც დოგმა. ამასთან, ის ისეთი უზარმაზარი მასშტაბის პიროვნებაა, რომ აღმატებით ხარისხში ლაპარაკს ითხოვს.
მინდა ვთქვა, რომ სწორედ აღმატებითი ხარისხია მართებული რაკურსი მის შესახებ მოგონებებისა. ის ხომ ასეთი იყო – განსაკუთრებული მოვლენა, უნიკალური ადამიანი, სხვადასხვა სფეროში ტალანტებით დაჯილდოებული. მას რომ მოესურვებინა, შეეძლო გამხდარიყო მხატვარიც, მსახიობიც, რეჟისორიც და ალბათ კომპოზიტორიც. მაგრამ გახდა შემსრულებელი და სიცოცხლის ბოლომდე თავისი არჩევანის ერთგული დარჩა. ესეც უნიკალური შემთხვევაა. მე ვიცნობ საკმაო რაოდენობის მუსიკოსებს, რომლებიც „გადაახტნენ“ თავიანთ ინსტრუმენტებს და დირიჟორობას მოჰკიდეს ხელი. და, რა თქმა უნდა, ამ სფეროში მათ ვერ ვუწოდებთ სრული გაგებით პროფესიონალებს. დიდი როსტროპოვიჩიც კი იყო არა იმდენად დირიჟორი-პროფესიონალი, რამდენადაც ორკესტრის წინ მდგარი გიგანტი, რომელიც ხალხს თავისი ქარიზმით შთააგონებდა.
რიხტერსაც შეეძლო, ასეთი გიგანტი გამხდარიყო.
– ბუნებრივია, სწორედ ამაზე ვლაპარაკობ. მაგრამ რიხტერი არ გახდა. არ ვიცი, რამ აიძულა იგი, მხოლოდ თავის ინსტრუმენტზე მოეხდინა კონცენტრაცია. სამწუხაროდ, ამის განმარტება რიხტერისგან არ მომისმენია. შესაძლოა, ახსნა უნდა ვეძებოთ იმაში, რომ შემსრულებლისთვის თავად ფორტეპიანო მოიცავს აურაცხელი რაოდენობის შესაძლებლობებს. ერთი სიცოცხლე არ არის საკმარისი ყველა მისი სიმდიდრის გასახსნელად – მუდამ ამას ვიმეორებ.
ცნობილია, რომ სვიატოსლავ რიხტერი ხშირად ეძებდა პარალელებს მუსიკასა და ლიტერატურულ ან მხატვრულ სახეებს შორის. იწვევს თუ არა თქვენში მუსიკა ასეთსავე კონკრეტულ ასოციაციებს ხელოვნების სხვა ნაწარმოებებთან? მე ვიცი, რომ ბევრი შემსრულებელი მუსიკას აბსტრაქტულ ენად მიიჩნევს და თუ აქედან გამოვალთ, მაშინ ალბათ სხვადასხვა ასოციაცია ზოგიერთ მუსიკალურ ნაწარმოებს ისეთ შინაარსს ახვევს თავს, რაც ავტორს აზრადაც არ ჰქონია.
– ვაღიარებ, რომ მე ყველაფერი სხვაგვარად მაქვს. ჩემს წარმოსახვაში წარმოქმნილი სახეები არიან კიდეც და თითქოს არც არიან. მათ რეალისტურს ვერ ვუწოდებ, ხშირად არა აქვთ ანალოგი არც ცხოვრებაში და არც ხელოვნების სხვა დარგებში. ისინი არ არიან კონკრეტულნი, უფრო სწორად, აბსოლუტურად კონკრეტულნი. და, რა თქმა უნდა, იმდენად ინდივიდუალურები არიან, რომ ხშირად არც კი შემიძლია მათი სხვისთვის გაზიარება. როდესაც სტუდენტთან ნაწარმოებზე ვმუშაობ, შემიძლია მხოლოდ ზოგადი ნიშნებით გამოვყო მასში რაღაც კონკრეტული – მაგალითად, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე წარმოდგენა, ან ზოგჯერ თვით მუსიკაში არის მითითება დაღლილობაზე ან პირიქით, ხალისზე, სევდაზე ან მხიარულებაზე. ყოველივე ეს თვით მუსიკის ხასიათიდან გამომდინარეობს. და ეს ყოველთვის დაკავშირებულია მხოლოდ ამ ნაწარმოებთან და არ ეხება ხელოვნების სხვა ნაწარმოების სახეობრივ წყობას.
შეგიძლიათ როგორღაც ახსნათ, როგორია იმ პირობების ერთობლიობა, რომელთა შედეგად შესაძლებელი გახდა ასეთი გენიოსის გამოჩენა?
– რიხტერი ფენომენალური მოვლენაა. მისი ყველა თვისება მასში გენეტიკურად იყო საფუძველჩაყრილი. სადაც და როდესაც უნდა დაბადებულიყო, ის ისეთი გახდებოდა, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. შეუძლებელია ყველა იმ თვისების ჩამოთვლა, რომელიც გვაძლევს უნიკალურ ნაერთს, ასეთ არაჩვეულებრივ შედეგს. მისი ბუნებრივი მონაცემები გამრავლებული იყო ფანატიზმზე და ხელოვნების სიყვარულზე. იგი ერთნაირად იყო გატაცებული ხელოვნების მრავალი სახეობით. ყოველთვის მანცვიფრებდა, რომ მან ყველაფერი იცოდა, ყველაფერი ახსოვდა. თანაც ეს მექანიკური დამახსოვრება კი არ იყო, არამედ ხელოვნების ყოველი ფაქტის ცხოვრებისეული განცდა. ყველაფერს, რასაც კითხულობდა, ხედავდა, ისმენდა, გულში გაატარებდა. მისთვის არ არსებობდა წვრილმანები, ის მნიშვნელობას ანიჭებდა ყველაფერს, ყველა მოვლენის არსს სწვდებოდა, ცდილობდა, ყველაფერი განეცადა, ცხოვრებისეულ დეტალებს გვერდს არ უვლიდა.
დამეთანხმეთ, რომ რუსეთის ქალაქებში მის ცნობილ მოგზაურობებში აისახა მისი სიყვარული ადამიანისადმი, ქედმაღლობის უქონლობა, და მე მგონია, რომ სხვადასხვა თაობის ბევრი მუსიკოსი, მათ შორის ახალგაზრდებიც, მას ამაში ბაძავენ.
– რა თქმა უნდა. გასაოცარი ის არის, რომ ყველაფერი ეს მასში სრულიად ბუნებრივი იყო, ყოველგვარი პათოსური პოზის, საკუთარი კეთილშობილების დემონსტრირების სურვილის გარეშე. არამც და არამც! უბრალოდ მას ყოველთვის უნდოდა დაეკრა იქ, სადაც მანამდე არავის დაუკრავს. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ დარბაზში და რომელ როიალზე უნდა დაეკრა. ამ მხრივ ის არ იყო ჭირვეული. რამდენადაც ვიცი, ყოველთვის თან დაჰყვებოდა ამწყობი, მაგრამ, ცხადია, ეს ყველა შემთხვევაში ვერ მოახდენდა ზეგავლენას ინსტრუმენტის ხარისხზე. და როდესაც გავიგებ ხოლმე, რომ რომელიმე პიანისტი სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში წავიდა თავისი ინსტრუმენტით, მეცინება.
რიხტერის შესახებ არსებული უამრავი მოგონებიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა ყოველგვარი მატერიალურისადმი მის გულგრილ დამოკიდებულებაზე.
– მართლაც, იმდენად არ აინტერესებდა, რომ არც კი იცოდა, მაღაზიაში რა რამდენი ღირდა. არ იცოდა საზოგადოდ ფულის ფასი. ეს მისი პიროვნების ორგანული თვისება იყო და, მატერიალური სამყაროსადმი ინტერესის არარსებობის ფონზე, სრულიად ბუნებრივად გამოიყურებოდა მისი გატაცება ხელოვნებით.
რიხტერი თავის საყ–ვარელ ნაწარმოებად ასახელებდა შუბერტის ფანტაზია „მოხეტიალეს“. თქვენ მას აღიქვამთ ყარიბად, გენიოსად, უხეში მატერიალურობისადმი გულგრილ ადამიანად, რომელიც გრძნობებითა და აზრებით ზეცისკენ ისწრაფის?
– ჩვენ ყველანი ამ ცხოვრებაში ყარიბნი ვართ. რიხტერისთვის, რა თქმა უნდა, არ იყო უცხო ფილოსოფია. შესაძლოა, ის სწორედ ასე ხსნიდა თავის სიყვარულს ამ ნაწარმოებისადმი. ოჰ, ამ ადამიანზე იმდენად ბევრის თქმა შეიძლება და იმდენი პარალელის გავლება… უპირველესად ის იყო უდიდესი არტისტი. და როგორც ნებისმიერი მისი შესრულება არ იყო მყარი და უცვლელი, ასევე შეუძლებელია, მყარად და უცვლელად მივიჩნიოთ ვისიმე აზრი მასზე და მისი აზრიც კი საკუთარ თავზე.
ყოველი მისი შესრულება აბსოლუტურად არ ჰგავდა წინას. ჩემთვის ეს არტისტში ყველაზე ღირებულია. რიხტერი სულ სხვადასხვანაირი იყო. შემსრულებელი, რომელიც ყოველთვის ერთნაირად უკრავს, არტისტი არ არის. სცენაზე ხდება ნაწარმოების იმწუთიერი დაბადება და კონცერტთან ერთად იგი წარსულის კუთვნილება ხდება. წამი – და ის დასრულდა, აღარ არის. თეატრი მხოლოდ ნაწილობრივ ჰგავს საშემსრულებლო ხელოვნებას. იქაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ვარიაციულობა შესრულებაში. მაგრამ თეატრში ხომ სიტყვა არსებობს, იქ ბევრი არტისტია და ყველაფერთან ერთად კიდევ არის რეჟისორი, რომელზეც დამოკიდებულია შემსრულებელთა კოლექტივი. აქ კი შენ ხარ შენი თავის რეჟისორი.
რიხტერს გულს არ უცრუებდა პუბლიკის რეაქცია? იმ მიყრუებულ ადგილებში მსმენელები ხომ არ იქნებოდნენ ყოველთვის ადეკვატურები, მათ ალბათ არ შეეძლოთ რიხტერისყოველი უნიკალური ინტერპრეტაციის სათანადოდ შეფასება. ის ადამიანებისთვის უკრავდა, თუ მხოლოდ იმისათვის, რომ შესრულების სრულყოფილი ვარიანტი შეექმნა?
– მისი ამოცანა იყო არა მსმენელის დონემდე დასვლა, არამედ მისი აყვანა თავის დონემდე. რიხტერის გამოსვლების მოსმენა არ გულისხმობდა გართობას, ყოველთვის სიამოვნების მომგვრელიც კი არ იყო და მუდამ სერიოზულ სულიერ შრომას საჭიროებდა. რიხტერის მოსმენა არ იყო იოლი.
ვალენტინა ჩემბერჯი აღწერს მის ერთ-ერთ გამოსვლას კონსერვატორიის დიდ დარბაზში, როდესაც პირველ განყოფილებაში ის ასრულებდა შუმანის „სიმფონიურ ეტიუდებს“, თან ისე დაუკრა, რომ თვითონ იყო კმაყოფილი, მაგრამ პასუხად მხოლოდ თავდაჭერილი ტაში მიიღო, ხოლო მეორე განყოფილებაში შეასრულა „სურათები გამოფენიდან“, მისი აზრით, წარუმატებლად, მაგრამ პუბლიკა აპლოდისმენტებით აფეთქდა. და მას გული დასწყდა მსმენელთა ასეთი არაადეკვატური რეაქციის გამო.
– ასეთი რამ კონცერტებზე საკმაოდ ხშირად ხდება, ეს ნორმალურია, შენ გგონია, რომ კარგად უკრავ, ხალხს კი არ მოსწონს, ან პირიქით. ყველაფერი ეს ძალზე სუბიექტურია. ზოგჯერ შეუძლებელია თქვა, რატომ არ მიდის მსმენელამდე შენი ენერგია. უამრავმა სხვადასხვა ნიუანსმა შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა მსმენელთან ემოციების გაცვლაზე. ხდება ხოლმე, როდესაც კონცერტი შემსრულებლისთვის საკუთარ თავთან ბრძოლად გადაიქცევა, რათა თავი მოიყვანოს სათანადო მდგომარეობაში და მიიტანოს მუსიკა დარბაზში მჯდომ მსმენელამდე. აქ ვერაფერს გათვლი წინასწარ.
და თვლა ოცდაათამდე, როგორც რიხტერი ასწავლიდა, გეხმარებათ?
– რიხტერს გამოსვლებში ბევრი რამ ჰქონდა რეჟისორულად გათვლილი. იგი ამბობდა, რომ, როდესაც ლისტის სი მინორულ სონატას ასრულებს, ოცდაათამდე დათვლა ეხმარება დარბაზში სრული სიჩუმის მიღწევაში. რა თქმა უნდა, ყურადღების დაძაბვა უნდა შეგეძლოს, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ამაში პედანტურად უნდა მივბაძოთ რიხტერს, თორემ ზოგჯერ გამოდის რომელიმე ახალგაზრდა შემსრულებელი და კარგად ჩანს, რომ ის ზის და ჩუმად ითვლის. ეს, ცოტა არ იყოსკ, არიკატურულად გამოიყურება.
რა მიზეზი არსებობს საკუთარი თავით რიხტერის მკაფიოდ გამოხატული უკმაყოფილებისა? მტკივნეული მოსასმენია ბოლო ფრაზა მონსენჟონის ცნობილი ფილმიდან: „არ მომწონს ჩემი თავი“.
– ვფიქრობ, რომ იმ მომენტში, როდესაც ეს ფრაზა წარმოთქვა, რიხტერი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობას ებრძოდა. და როდესაც ისეთი ადამიანი, რომელიც დაჯილდოებულია სიცოცხლის ასეთი სიყვარულით, სიძლიერით, ენერგიით, მძიმედ არის ავად, მაშინ სავსებით გასაგებია, რომ მას საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება ებადება. საშემსრულებლო ხელოვნებაში კი უკმაყოფილება და საკუთარი თავისადმი მაღალი მოთხოვნების წაყენება ბუნებრივია, რადგან ასეთი მუსიკოსი ყოველთვის ისწრაფვის, შეასრულოს ის სრულქმნილი ვარიანტი, რომელიც შინაგანად ესმის. და რიხტერი ზოგჯერ საათებსა და დღეებს უთმობდა ასეთი ვარიანტის მოძებნას ერთ პატარა ფრაზაში, ხანდახან კი რამდენიმე ტაქტში. მე მომწონს შნაბელის სიტყვები: „მე ვუკრავ მხოლოდ იმ ნაწარმოებებს, რომლებიც შესრულებაზე მაღლა დგანან“.
ეს ალბათ მრავალ ნაწარმოებზე შეიძლება ითქვას.
– ფაქტობრივად პიანისტის მთელ რეპერტუარზე. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, შესრულებით კმაყოფილი შეუძლებელია იყო.
მე კი ნაწილობრივ აი, რა მქონდა მხედველობაში: ხომ არ გრძნობდით მასში იმ ფარულ სევდას, რომელიც ახასიათებს ხოლმე მრავალ დიდ ადამიანს და რომელსაც ზოგიერთი მათგანი ხშირად „ყოფიერების სიმწარედ“ განსაზღვრავს?
– დიახ, დიახ, ასე იყო. არ შეიძლებოდა, არ ყოფილიყო. ეს ბუნებრივია.
აი, ჩემბერჯის წიგნში უწერია, რომ შესანიშნავი კონცერტის შემდეგ რიხტერი იყო დაცლილი და თქვა: „რატომ არის, რომ როცა ყველაფერი კარგადაა, მაშინაც კი გრძნობ სევდას და სინდისის ქენჯნას?“
– მადლობა ღმერთს, ეს არ იყო ერთადერთი მისი მდგომარეობა. ვშიშობ, რომ ამ ციტატის გამო მკითხველს დამახინჯებული წარმოდგენა შეიძლება შეექმნას მის ხასიათზე. ხომ სავსებით დასაშვებია, რომ ეს სიტყვები მან მომენტის ზეგავლენით წარმოთქვა, დაღლის შედეგად. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ჩანაწერები, ასეთი მოგონებები ძალზე მყიფე რამაა. მათ შეუძლიათ დააბნიონ მკითხველი, რადგან არ ამოწურავენ რიხტერის პიროვნების მრავალმხრივ გამოხატულებას.
ვერა გორნოსტაევა აღნიშნავდა, რომ რიხტერთან შეუძლებელი იყო სხვა ადამიანზე რაიმე ნეგატიურის თქმა. ეთანხმებით?
– დიახ, ის თვითონ არავიზე ცუდს არ ამბობდა, მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი არ გამიგონია. მაგრამ ეს არ
ნიშნავდა, რომ აკრძალული თემები არსებობდა. მასთან ბევრ რამეზე შეიძლებოდა საუბარი, ის ხომ აბსოლუტურად ბუნებრივი ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, არასდროს მქონია შიში, რაიმე მეთქვა მისთვის და მომესმინა მისგან გაკიცხვა, დაგმობა. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანთან ყოფნისას შინაგანი კონტროლი მუშაობდა და ეს სწორია. გარდა ამისა, მის გარემოცვაში საერთოდ არ არსებობდნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანები, ხოლო საუბარი უმეტესწილად საინტერესო და ამაღლებულ თემებს ეხებოდა.
შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თქვენს შორის სიახლოვეს თქვენი ახლობელი ადამიანების ტრაგიკული ბედიც განაპირობებდა – რიხტერს მამა დაუხვრიტეს, თქვენ – ბიძა.
– მე არასოდეს მილაპარაკია მასთან ამ თემაზე და არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ იცოდა ამის შესახებ. საქმე ის არის, რომ მაშინ ასეთი ოჯახები ბევრი იყო, ჩვენს წრეში კი თითქმის ყველა ოჯახში რომელიმე მშობელი ან ნათესავი დაპატიმრებული ან დახვრეტილი იყო. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ, როდესაც რიხტერი თბილისში ჩამოდიოდა, იქაური მეგობრები უამბობდნენ ჩვენი ოჯახის შესახებ. ეს უფრო ფართო თემაა: სიახლოვე, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაშინ უამრავ ადამიანზე ვრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი ცხოვრების ფაქტი, რომელსაც ვერსად გაექცევი. საშინელებაა, რომ სიახლოვე ასეთ ტრაგიკულ ნიადაგზე არსებობდა. და საშინელებაა, რომ ასეთ ვითარებაში ადამიანების წინაშე იდგა გადარჩენის პრობლემა. მაგრამ თქვენ უნდა გეცხოვრათ, უნდა აგერჩიათ სიცოცხლისკენ მიმავალი გზა. და ეს გზა ყოველთვის როდი იყო პირდაპირი და პატიოსანი. თავის გადარჩენა სხვდასხვაგვარად ხდებოდა: ვიღაც შემგუებლობას მიმართავდა, შედიოდა პარტიაში და ასეთი კომპრომისი არ მიაჩნდა სამარცხვინოდ. ზოგიერთი, მხოლოდ იმისთვის, რომ გაეგრძელებინა მუშაობა თავის პროფესიაში, ხელს აწერდა რაღაც წერილებს, ოღონდ კი მათთვის ხელი არ ეხლოთ და მიეცათ დაკვრის, შექმნის შესაძლებლობა. მაგრამ იყვნენ მესამენიც, რომლებიც სინდისთან არავითარ გარიგებაზე არ მიდიოდნენ, და ამიტომ მათი გზა გაცილებით რთული იყო.
ცნობილია, რომ თქვენ რიხტერის სიცოცხლეში სულ ბოლო კონცერტზე უკრავდით, რომელსაც ის
დაესწრო 1997 წლის 22 ივნისს სრულიად ავადმყოფი.
– დიახ, ჩვენ – ნატაშა გუტმანი, ვიქტორ ტრეტიაკოვი და მე – შოსტაკოვიჩის ტრიოს ვასრულებდით, ხოლო პირველ განყოფილებაში მე ვუკრავდი ჩაიკოვსკის დიდ სონატას. მართალი გითხრათ, წინაწარ არ ვიცოდი, რომ რიხტერი მოვიდოდა, რადგან ის უკვე ძალზე სუსტად იყო. ეს იყო მის ცხოვრებაში უკანასკნელი ფესტივალი ტურში, საფრანგეთში.
ვერა გორნოსტაევამ დაგასახელათ იმ მცირე რაოდენობის ადამიანებს შორის, რომელთა თანდასწრებითაც დასრულდა სვიატოსლავ რიხტერის მიწიერი ცხოვრების გზა, და თქვა, რომ ასეთი ადამიანების წყალობით მისი ბოლო დღეები ბედნიერი იყო.
– ამის თქმა მე არ შემიძლია. მე მართლა ვიყავი მასთან Николина гора-ზე გარდაცვალებამდე სამი-ოთხი დღით ადრე. ძალიან მძიმე, სრულიად აუტანელი იყო მისი სიცოცხლის მილევის ყურება, ახლაც კი არ შემიძლია ამ დღეების გახსენება. ჩემს ცხოვრებაში არის რამდენიმე იმდენად საშინელი მოგონება, რომ ვცდილობ, არ გავიხსენო. ერთ-ერთი მათგანია რიხტერის წასვლა. ამდენმა წელმა განვლო, მე კი დღემდე მიჭირს ამაზე ლაპარაკი.
თქვენ ახსენეთ რიხტერის ფესტივალი ტურში. მაგრამ თქვენ ხომ იმ მცირერიცხოვან მუსიკოსებს მიეკუთვნებით, რომლებიც თითქმის ყველა „დეკემბრის საღამოში“ მონაწილეობდნენ. გახსოვთ, როგორ იწყებოდა ეს საღამოები?
– დიახ, სვიატოსლავ რიხტერმა თვითონ მიმიწვია და ვიდრე ის ცოცხალი იყო, ბევრჯერ დამიკრავს ამ ფესტივალზე. შემდეგ უფრო იშვიათად. „დეკემბრის საღამოები“ მთლიანად მისი იდეა იყო, აბსოლუტურად ნოვატორული, რევოლუციურიც კი. ამ ქვეყანაზე არაერთი მუზეუმია, სადაც მუსიკალური საღამოები ტარდება, მაგრამ ეს ფესტივალი რაღაცით განსაკუთრებული იყო. სვიატოსლავ რიხტერმა მასში ერთმანეთს დაუკავშირა მუსიკა და ფერწერა, ის თვითონ წყვეტდა, რა თემატიკა ექნებოდა ყოველ ფესტივალს. რაც შეეხება პროგრამების შინაარსს, ის ყოველთვის იყო დახვეწილი, ელიტარული ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ამ ფესტივალზე ძალიან ბევრი შემსრულებელი ჩამოდიოდა არა მხოლოდ მოსკოვში გამოსასვლელად, არამედ სწორედ რიხტერთან და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მან მოიწვია, ამ მოწვევით იყვნენ აღტაცებულნი და ფესტივალის იდეით მოჯადოებულნი. მისდამი პატივისცემა იმდენად დიდი იყო, რომ არავის ფიქრადაც კი არ მოსვლია, რომ შესაძლებელი იყო მის მოწვევას არ გამოხმაურებოდა, დატვირთულობის მიუხედავად. „საღამოების» ჩატარება არ იყო იოლი, მაგრამ ირინა ანტონოვას წყალობით, რომელიც სვიატოსლავ რიხტერის თანამოაზრე გახდა, ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. უბრალოდ მუზეუმი თავისთავად შემსრულებლებისთვის რამდენადმე მოუხერხებელია – მაგალითად, იქ ვერსად შეძლებ წინასწარ გავარჯიშებას. მაგრამ ყველა ამ მცირე უხერხულობას ფარავდა სიხარული, რომ მონაწილეობდი რიხტერის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში. მის დროს ფესტივალი უნიკალური იყო. თავისთავად ასეთი გიგანტის მონაწილეობა „საღამოებს“ უდიდეს მნიშვნელობას სძენდა.
თქვენს საკუთარ ფესტივალს თელავში შეიძლება ეწოდოს რიხტერისეული ღონისძიება, ყველა ფესტივალში ხომ ძლიერია საგანმანათლებლო აქცენტი?
– როდესაც 80-იან წლებში ნატაშა გუტმანთან და ოლეგ კაგანთან ერთად ვიწყებდით ამ ფესტივალს, გვინდოდა, იგი ნეიჰაუზისათვის მიგვეძღვნა. მაგრამ ამ იდეამ არ გაამართლა. შესაძლოა, ჩვენ რომ იგი თბილისში ჩაგვეტარებინა, უფრო მარტივი ყოფილიყო. მაგრამ, რადგან ფესტივალი თელავში ტარდებოდა, უნდა გაგვეთვალისწინებინა ადგილობრივი თავისებურებები. ნეიჰაუზისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნურად გამოიყურებოდა, მე კი არ მინდოდა, რომ ხელოვნური ყოფილიყო. მხოლოდ ბოლო წლებში გაიზარდა შესამჩნევად ფესტივალისადმი ინტერესი. ამიტომ შემდეგი ფესტივალი, ოქტომბერში რომ იგეგმება, რიხტერს მიეძღვნება. უფრო მეტიც, თავად ჭავჭავაძის მამულში, რომლის ქალიშვილი გრიბოედოვის მეუღლე იყო, მოეწყობა რიხტერთან დაახლოებული მხატვრების ნამუშევართა გამოფენა. წარმოდგენილი იქნება რიხტერის ნამუშევრებიც. ჩვენს ფესტივალზე მსმენელები მთელი საქართველოდან ჩამოდიან, პედაგოგებს თავიანთი მოწაფეები ჩამოყავთ, რადგან კონცერტების პარალელურად ღია გაკვეთილები ტარდება. კონცერტებში მონაწილეობენ ახალგაზრდა მუსიკოსებიც – მაგალითად, ოისტრახის სახელობის კვარტეტი. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, მე მათთან ერთად უკვე დავუკარი. ყოველ ჯერზე სპეციალურად იკრიბება საფესტივალო ორკესტრი.
ქალბატონო ელისო, თქვენ თვითონ რას გვიამბობდით რიხტერზე, რომელ მოგონებებს გაგვიზიარებდით მის იუბილესთან დაკავშირებით?
– ჩვენ ყოველთვის გვინდა, ჩვენს გრძნობებს, აზრებს, მოგონებებს მივცეთ ფორმა, რაღაც აღვბეჭდოთ, შევაჩეროთ რომელიმე მშვენიერი წამი. ეს კი თითქმის შეუძლებელია. ვშიშობ, რაიმე ვთქვა – და ეს სიცრუე აღმოჩნდეს. ასეთ ადამიანზე მოგონებებში შორისდებულის ინტონაციაც მნიშვნელოვანია. თქვენ შენიშნავდით: მრავალი მოგონების თავისებურებაა, რომ ყველა უცებ ხდება გარდაცვლილი გენიოსის მეგობარი. ეს სასაცილოა. და მერე ადამიანები მოგონებებს უმატებენ თავიანთ ფანტაზიებს, გამონაგონს. აიღეთ რამდენიმე წიგნი – და დაინახავთ, რომ ყოველ ავტორს თავისი რიხტერი ჰყავს. და რიხტერის ერთიანი სახის წარმოსახვას ვერ შეძლებთ მაშინაც კი, თუ ყველა ამ წიგნს წაიკითხავთ.
– რომელიღაც ჩემს მოგონებებს ასი პროცენტით არც მე ვენდობი. მაგალითად, ვერ ვიხსენებ რიხტერის გამოსვლების რაღაც დეტალებს, თუმცა, როდესაც მოსკოვში ვიყავი, ვცდილობდი ყველა მის კონცერტზე მისვლას. ეს ხომ ყოველ ჯერზე კოლოსალური, ღირშესანიშნავი მოვლენა იყო. მახსოვს, მერზლიაკოვის სასწავლებელში როგორ დაუკრა ბახის ყველა პრელუდია და ფუგა. პირველი ტომი, შემდეგ მეორე ტომი. რა ხდებოდა! მოხვედრა უბრალოდ შეუძლებელი იყო და ეს მაშინ, როდესაც არავითარი აფიშა არ არსებობდა, წინასწარ არავინ გაუფრთხილებიათ. ხალხის უდიდესმა ნაწილმა ვერც შეძლო შეღწევა. ან მისი კონცერტები ხელოვნების მუშაკთა ცენტრალურ სახლში, ასევე სხვა გამოსვლები! არავის მინდა ვაწყენინო – არც ჩვენს და არც უცხოელ დიდ შემსრულებლებს, მაგრამ რიხტერის ზოგიერთი კონცერტი სუნთქვას უკრავდა ადამიანს, კონცერტის შემდეგ შეუძლებელი იყო გონზე მოსვლა. მის გვერდით ვერავის დააყენებდი. მისი დაკვრა თითქოს სადღაც მიგაქროლებდა. და შემდეგ მთელი ცხოვრება სწორედ ეს შენი მდგომარეობა გახსოვს. მე შეიძლება ვერ აღვიდგინო მისი შესრულების რომელიღაც ტექნიკური ნიუანსი, მაგრამ ჩემი არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება, ამ კონცერტებზე განცდილი არამიწიერი მდგომარეობა არასდროს დამავიწყდება.
ამჟამინდელი შემსრულებლებიდან თქვენზე ვინმე ახდენს ისეთსავე ძლიერ შთაბეჭდილებას?
– სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად. ზოგჯერ შეიძლება ვთქვა, რომ რაღაც ძალიან მომეწონა, ცხადია, რომელიმე მუსიკოსის შესრულებამ აღტაცებაც კი შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ იმის თქმა, რომ ვიღაცის დაკვრამ გამაოგნა, არ შემიძლია.
ჩემი აზრით, თანამედროვე სამყაროში უამრავი ფაქტორია, ადამიანს სულიერ ენერგიას რომ ართმევს, ამ ენერგიას წვრილმან, არასაკადრის რაღაც–რაღაცებზე ახარჯვინებს. და ამიტომ საშემსრულებლო ხელოვნება ვერ აღწევს რიხტერისეულ სიმაღლეს, ხოლო მსმენელებს არ შესწევთ უნარი, შესრულებისგან ექსტაზური მდგომარეობა განიცადონ.
– დიახ, რა თქმა უნდა, ეს ასეა. კონცერტზე შეიძლება აღფრთოვანდეთ შემსრულებლის ოსტატობით, ვირტუოზულობით, მაგრამ აი, მთავრდება ასეთი შესრულება და სულში არაფერი რჩება. და ეს საშინელებაა. ჩვენ ყველა – შემსრულებლებიც და მსმენელებიც – რაღაც საფეხურით ქვევით დავეშვით.
კიდევ ერთი რაღაც. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე სერიოზულად აღვიქვამ. შემინიშნავს, რომ ყველა გენიალური ადამიანი ფაქიზად ეკიდება ბუნებას, ცხოველებს. არც რიხტერი იყო გამონაკლისი. თუ სკამზე კატას ეძინა, არ ჩამოაგდებდა – ფეხზე იდგებოდა, ოღონდ კი არ შეეწუხებინა.
– ნამდვილად. მაგრამ ეს არ იყო მისი მხრიდან მხოლოდ სენტიმენტალურობა – ეს იყო ცხოვრების სერიოზული ფილოსოფია. იცით, მე საერთოდ ვთვლი, რომ თუ ადამიანს არ უყვარს ცხოველები, მას ადამიანების სიყვარულიც არ შეუძლია. და თუ გავიგებ, რომ ვიღაც ცნობილი ადამიანი უხეშია ცხოველების მიმართ, მისდამი სხვა დამოკიდებულება მიჩნდება. საერთოდ მანცვიფრებს, რით არის დაკავებული კაცობრიობა, ნაცვლად იმისა, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად უპასუხოს იმ გამოწვევებს, ჩვენ წინაშე რომ დგას, გადაარჩინოს ბუნება და საკუთარი თავი. ადამიანის ყველა ვნება სინამდვილეში იმდენად წვრილმანია ბუნების შენარჩუნების პრობლემასთან შედარებით, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ აუცილებელია ჩვენი გადარჩენისათვის. და ყველა ჩვენგანს ხომ მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს! თუ დაფიქრდები, რაზე ხარჯავენ მას ის ადამიანები, ვინც ომებს აჩაღებს, ხოცავს ადამიანებს და ცხოველებს, შიში შეგიპყრობს! და ამავე დროს ჩვენ ვიცით, როგორ სრულფასოვნად განვლეს თავიანთი ერთადერთი სიცოცხლე რიხტერის მსგავსმა გენიოსებმა. მართალია, დრო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, იყო მკაცრი, დანაკარგები – მძიმე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი ნათელი ენერგია საკმარისი იყო იმისათვის, რომ ცხოვრება იმ სახით გარდაექმნათ, როგორც მათ წარმოედგინათ.
თქვენს სტუდენტებს რიხტერი აინტერესებთ? გეკითხებიან მის შესახებ?
– სხვადასხვაგვარი სტუდენტები არსებობენ. ზოგიერთი შესანიშნავად იცნობს პიანიზმის ისტორიას
ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ფაქტებს რიხტერის ცხოვრებიდან, ზოგიერთები კი ამით ნაკლებად არიან
დაინტერესებულნი. ზოგჯერ შეიძლება შეხვდე მცირედი ნიჭის მქონე მუსიკოსებს, რომლებიც საკუთარ
თავს ძალზე სერიოზულად ეკიდებიან. დღეს ჩვენთან ხომ ყველა გენიოსია, ყველა ვარსკვლავია, თანაც
დაბადებიდანვე. რიხტერზე აგდებული გამონათქვამებიც კი მომისმენია. ეს უბრალოდ სასაცილოა.
ვიდრე რიხტერი ცოცხალი იყო, თვით ფაქტი მისი არსებობისა მუსიკოსების საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცნობდა და აფასებდა მას, იცავდა რაღაც ცუდისგან, მდაბალისგან, უხამსისგან. ასეთი მასშტაბის პიროვნებები მაღლა სწევენ მოქმედებებისა და საქმეების თამასას, კვალავენ გზას ჭეშმარიტებისკენ, თითქოს ანათებენ და ანათებენ თავის გარშემო სივრცეს. და ყველა, ვინც მათ ორბიტაზე ხვდება, იწყებს ამ დონისკენ ლტოლვას, ცდილობს, მას მიესადაგოს, იწყებს სრულყოფას და ზოგჯერ ბუნებით მისთვის მინიჭებულ შესაძლებლობებს გადააჭარბებს კიდეც.
საბედნიეროდ, რიხტერის ხსოვნა დღესაც კი არ გვაძლევს უფლებას, შეცდომა დავუშვათ და აგვერიოს, სად არის მოჩვენებითი და სად – ჭეშმარიტი სიდიადე.
თარგმნა
ნანა ქავთარაძემ